მთავარი
ჩვენს შესახებ

სიახლეები
მოვლენებ
წერილები
ბროშურები

მიმართვები, ბუკლეტები
წიგნები
პერიოდული ბიულეტინი
მულტიმედია
თავჯდომარის გვერდი

მშკ გვერდი
ბმულები
კონტაქტები

 

რა უნდა შელოცვების წიგნს საპატრიარქოს მაღაზიაში?!

პირველი მცნება: მე ვარ უფალი ღმერთი შენი და არაიყვნენ შენდა ღმერთნი უცხონი ჩემსა გარეშე.
კითხვა: – ვინ და როგორ სცოდავს პირველი მცნების წინააღმდეგ?
პასუხი: – ამ მცნების წინააღმდეგ სცოდავენ ჯადოქრები და მათ საქმეთა მიმბაძველნი. მაგალითად ისინი, ვინც ატარებენ შესაბმელებს, ან ნიშნებს ზიანისაგან თავის დასაცავად; ისინი, ვინც მიეჯაჭვება ცრურწმენულ ჩვევებს და მათი ჯერა; თანაბრად ისინიც, ვინც ავადმყოფობის დროს სარგებლობენ დედაბრების შელოცვებით და სხვა ცრურწმენებს მისდევენ; ბოლოს ისინი, რომელთაც ყოველგვარი შემთხვევიდან გამოჰყავთ წინასწარმომასწავებელი ნიშანი. „სარწმუნოების მართლმადიდებლური აღსაარება“.

კოლმეურნეობის მოედანზე მიწისქვეშა გასასვლელში განთავსებულ საპატრიარქოს მაღაზიაში იყიდება კარლო ბუაჩიძის წიგნი – „მცენარეთა დაცვის ხალხური საშუალებები“. წიგნი გამოცემულია საქართველოს საპატრიარქოს მიერ 2001 წელს, მისი რედაქტორები არიან ბოლნისისა და დმანისის მთავარეპისკოპოსი თადეოზი, ქალბატონი გვანცა კოპლატაძე და სხვები. წიგნის მეორე გვერდზე წერია, რომ იგი დაიბეჭდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით. ხსენებულ წიგნში დაბეჭდილია მაგიური შელოცვები და წარმართული წეს-ჩვეულებები. სრულიად გაუგებარია, თუ როგორ მოხდა, რომ საპატრიარქოს გამომცემლობისა და ეკლესიის მწყემსის კურთხევითა და ხელშეწყობით დაიბეჭდა და გავრცელდა მაგიური შელოცვები, წყევლა-კრულვა, რომელსაც რაც არ უნდა დაარქვა – ხალხური სიტყვიერება, ფოლკლორი თუ მავნებლების შელოცვა – მაინც ბოროტი ძალის გამოვლინებად და მის იარაღად რჩება. არადა წიგნში ერთი სიტყვაც არ არის თქმული იმის შესახებ, რომ ქრისტიანისათვის დაუშვებელია შელოცვების წარმოთქმა და წარმართულ რიტუალში მონაწილეობა. მკითხველებმა, საპატრიარქოსა და ეკლესიის მღვდელმთავართა ავტორიტეტს მინდობილებმა, ამ შელოცვების პრაქტიკაში გამოყენება რომ დაიწყონ, ხომ ბოროტი ძალის ხელში აღმოჩნდებიან?

საილუსტრაციოდ წიგნიდან სულ რამდენიმე ადგილს მოვიყვანთ:
„ჭიანჭველის ლოცვა“: „შავო მოდი შავითა, შავითა და ბნელითა, შავო პირი აუხვიე აბრეშუმის ძაფითა“ (გვ. 127)
ჭვალის შელოცვა: „მხართ ადგია ჭვალია, რა არის მისი წამალი? გადახტი ღობესა ვენახისასა, მოგლიჯე სამი კანაფი, წითელი ძაფი, დედამ შეკრას, შაღვლანჯოს, შვილმა გახსნას, - გაიხსნება ჭვალი“. (გვ. 170).
სურდოს შელოცვა: „სურდო მეწვია სადილათ, რა გავუკეთო სადილათ ასკილი-ბარკილი, სამი თაგვის ბარკალი. მაგრად შევკარ შევაპაჭიჭე, შავსა ძაღლსა გადავკიდე. ძაღლი ხიდზედ გადავარდა, სურდო წყალში ჩავარდა“ (გვ. 175).
ავი თვალის შელოცვა: „აადუღე მდუღარეო, ჩაყარე სამი ძირი ჭინჭარი, სამი ნაკვერჩხალი, რავარც იგი განჯერდეს და დაივსოს, ისემც დავსებულა მისი თვალი და ყური, რამაც კაცმა ავი თვალით და ყურით შეგხედოს შენ“ (გვ. 177).
„თვალთა ნაცარი, გულთა ღადარი, მუცელსა სამართებელი! ასი მუქი ნეფსი და მახათი გულში ახალე. ასი გუდა ნაცარი თვალში აყრია“ (გვ. 177).
„ავი თვალით შემხედავსა და ავი გულით შემხედვარსა თვალთა ნაცარი, გულთა ლახვარი“ (გვ. 178).“
წიგნის ავტორი წარმართული წეს-ჩვეულების – „ჭია-კოკონობის“ აღორძინებისთვისაც ზრუნავს. 140-ე გვერდზე სათაურით – „ჭია-კოკონობა-მცენარეთა დაცვის პროფილაქტიკური ღონისძიება“ – ვკითხულობთ: „ვფიქრობ ამ წეს-ჩვეულებისა-დღეობის საფუძვლიანი და მიზნობრივი ჩატარება დღესაც აქტუალურია“. აქაც არაფერია თქმული იმის შესახებ, რომ ცეცხლზე გადახტომით „ბოროტი სულების განდევნა“ წარმართობიდან მომდინარეობს და ქრისტიანისთვის ამის ჩადენა ცოდვაა.

ისმის კითხვა – ნუთუ საქართველოს საპატრიარქო და მართლმადიდებელი ეკლესიის მწყემსები უმნიშვნელოდ მიიჩნევენ და მეტიც, ხელს უწყობენ მაგიური შელოცვების, წარმართული წეს-ჩვეულებების გავრცელებას?
მკითხველს ბუნებრივად დაებადება კითხვა, უმჯობესი ხომ არ იქნებოდა ამ წერილის გამოქვეყნებამდე აღნიშნულ წიგნთან დაკავშირებით საქმის კურსში ჩაგვეყენებინა საქართველოს საპატრიარქო? მართებული მოსაზრებაა, ჩვენ ასეც მოვიქეცით – ხსენებულ წიგნთან დაკავშირებით მართლმადიდებელი მრევლის წარმომადგენლებმა საპატრიარქოს პრესცენტრს რამდენიმეჯერ მიმართეს და მასში არსებუ-ლი მაგიური შინაარსის შელოცვებისა და სხვა მიუღებელი ტექსტების შესახებ აუწყეს. პრესცენტრი წიგნს გაეცნო და მისი გაყიდვა დაუშვებლად მიიჩნია, მაგრამ ამას რაიმე შედეგი არ მოყოლია – ქალბატონი გვანცა კოპლატაძე კვლავ განაგრძობს წიგნის რეალიზაციას, ხოლო საპატრიარქოს პრესცენტრს არანაირი განცხადება არ გაუკეთებია წიგნთან და მასში არსებულ მკრეხელობებთან დაკავშირებით. ამის შემდეგ მრევლის წარმომადგენელი შეხვდა პატრიარქის მდივანს მამა ზაქარია მაჩიტაძეს და აცნობა ამ ფაქტის შესახებ, მაგრამ მამა ზაქარიას მცდელობას რაიმე შედეგი არ მოჰყოლია. საპატრიარქოს სხვა პასუხისმგებელ პირებთან შეხვედრის მცდელობამაც უშედეგოდ ჩაიარა.

ამიტომ გადავწყვიტეთ, გამოვხმაურებოდით აღნიშნულ საკითხს, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ ეკლესია ჭეშმარიტებაზე დაფუძნებული ერთი სხეული და ერთი ოჯახია. შესაბამისად, ეკლესიის წვრები ვერ ვიქნებით მშვიდად მაშინ, როდესაც ეკლესიის სახელით აშკარა ბოროტება ვრცელდება, ხოლო ეკლესიას არანაირი განმარტება არ გაუკეთებია ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ მოვითმენთ პირად შეურაცხყოფასა და ცილისწამებას, მაგრამ ქრისტეს სწავლების შეურაცხყოფის მოთმენის უფლება არ გვაქვს. უფალი ყველას მოთხოვს პასუხს, მათ შორის მათაც, ვინც ხედავს ჭეშმარიტების გაყალბებას და დუმს. ასე გვასწავლიან ღმერთშემოსილი მამები.

ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ საპატრიარქოს პრესცენტრი უთუოდ გააკეთებს შესაბამის განმარტებას და გააფრთხილებს საქართველოს მოსახლეობასა და ეკლესიის მრევლს წიგნში არსებული ბოროტების შესახებ. ასევე ვიმედოვნებთ, რომ საპატრიარქოს პრესცენტრი და სხვა წარმომადგენლები მეტ ყურადღებას დაუთმობს მისი ეგიდითა თუ უმაღლეს იაერარქთა კურთხევებით გამომავალ გამოცემებს, რომლებიც, სამწუხაროდ, ზოგჯერ შეიცავენ ეკლესიისთვის ყოვლად მიუღებელ სწავლებებს, რიგ შემთხვევებში მწვალებლობას, ქართველ წამინდანთა შეურაცხმყოფელ გამონათქვამებსა და სხვა დაუშვებელი შინაარსის ტექსტებს, ხოლო პრეცენდენტის შემთხვევაში მოსახლეობისათვის შესაბამის განმარტებებს გააკეთებს.

თუ ამისთანა საქმე ყვარებოდა წმინდა გიორგის, არც იქმნებოდა იგი წმინდანთა შორის.

„არა ვმალავ ზოგიერთ გულმოკლე პატრიოტივით, ვიცი, რომ ჩვენდა საუბედუროდ თქვენში,მკითხველო, ძნელად იპოვება იმისთანა კაცი, რომ მართალს სიტყვას გონება გაუსწოროს“ ილია ჭავჭავაძე

რამდენიმე წელია ჩვენს ეკლესიაში საუბარი მიმდინარეობს ქართული ტრადიციების აღდგენის შესახებ, თუმცა ხშირად ამ ტრადიციების ქვეშ გულისხმობენ წარმართულ რიტუალებსა და წეს-ჩვეულებებს, რომლებიც ამათუ იმ მიზეზის გამო პერიოდულად მკვიდრდებოდა ჩვენში, ხოლო შემდეგ იკარგებოდა. „საპატრიარქოს უწყებანის“ 2000 წლის ერთ-ერთ ნომერში ( 17 (68)) აღდგომა დღეს ხალხში დამკვიდრებულ წარმართულ ტრადიციებს მიეძღვნა სპეციალური პუბლიკაცია, სადაც საუბარი იყო აშკარა წარმართულ რიტუალებზე. მათ შორის მთაში გავრცელებულ ჩვეულებებზე სამანის ჩასმაზე, ჭკდის ამოგდებასა და დარისხებაზე. ისინი განიხილებოდა, როგორც ქართული ტრადიციული ჩვეულება და არსად არ იყო მითითებული, რომ ამგვარად ადამიანის დაწყევლა ყოვლად მიუღებელია ქრისტიანისათვის, რომ ეს ჩვეულება სათავეს იღებს მაგიური რიტუალებიდან. სამანის ჩასმა ასევე ახასიათებთ ჩრდილო კავკასიის მუსულმან მოსახლეობას და არ არის გამორიცხული, რომ სწორედ მათი გავლენით შემოაღწია საქართველოში. ასევე იბეჭდებოდა მასალები შობა ღამეს ალილოს ჩატარების შესახებ, რომლებშიც ამგვარ რამეს ვკითხულობთ (,,საპატრიარქოს უწყებანი“ 2002 წ. 1 (155)): „შობის ღამეს გულუხვი იყო ქართველი კაცი, ის ხომ ალილოს მონაწილეში თავად ღმერთს ხედავდა და ეს ძღვენი მისთვის შესაწირიც იყო და საჩუქარიც, დიდებაც და თაყვანისცემაც“. ხოლო მახარებლები, რომლებშიც ქართველი კაცი თურმე ღმერთს ხედავდა, ამგვარად მღეროდნენ: „ჩვენ მათხოვრები არა ვართ, ვართ ქრისტეს მახარობლები“. ამ სიმღერას სტატიის ავტორი გალობად მოიხსენიებს და მიაჩნია, რომ „ალილო“ ღვთის თაყვანისცემის ერთგვარი გაგრძელებაა ტაძრის გარეთ“. ხოლო ისინი, ვინც სამოწყალოს აძლევს კარდაკარ მოსიარულეებს, თურმე, მიემსგავსებიან მოგვებს, რომლებმაც ძღვენი შესწირეს უფალს. შობა ღამეს გაჭირვებულები შეიძლება მართლაც დადიოდნენ სამოწყალოს ასაკრეფად. ამაში არაფერია ცუდი, მაგრამ ამ ფაქტის მსგავსი ინტერპრეტაცია მკრეხელობაა. შობა ღამით სამოწყალოზე სიარულის ტრადიცია საბერძნეთშიც გვხვდება. ბუნებრივია, ამ საზეიმო დღეს კარდაკარ მოსიარულეები სახალისო სიმღერასაც მიაყოლებდნენ, მაგრამ არსად, არც საეკლესიო ტიპიკონში და არც ისტორიულ წყაროებში არ მოგვეპოვება ცნობა იმის შესახებ, რომ შობა ღამეს სამღვდელოებას ევლოს და ეგროვებინოს სანოვაგე. მსგავს პუბლიკაციებს არავინ მიაქცია ყურადღება, მანამ, სანამ სამღვდელოებას უკვე რეალურად არ მოსთხოვეს შობა ღამეს წირვის შემდეგ ქუჩა-ქუჩა ხეტიალი სამოწყალოს ასაკრეფად. მთელ ამ პროცესიას მთავრობამ შეასხა ფრთები თავისი თანდასწრებით. ალილო დამკვიდრდა და აბა ვინმემ გაბედოს და ხმა აღიმაღლოს მის წინააღმდეგ. ახლა საქმე უფრო წინ მიდის. „საპატრიარქოს უწყებანის“ მე-16 ნომერში (25-1 მაისი) დაიბეჭდა ეთნოგრაფიული ეტიუდი „ჭონა და აღდგომის მახარებლები“. „ძველად“ – ამ სიტყვით იწყებს სტატიის ავტორი ამბის თხრობას, თუმცა მინიშნებულიც კი არ არის თუ რომელი საუკუნეები უნდა ვიგულისხმოთ – „ძველად აღდგომამდე მცირე ხნით ადრე საქართველოს სოფლებსა და ქალაქებში მხიარული ხმები და ჰანგები ისმოდა. თითოეულ ოჯახში მისული მეჭონეთა ექვს-შვიდ კაციანი ჯგუფი დაილოცებოდა: „ღმერთო ააშენე ეს ოჯახი, მიეც მშვიდობა, დღეგრძელობა, მოჰვარე მარხვა სინანულისა და შეასწარ აღდგომის სიხარულს!“ ხანდახან, როგორც ავტორი გვამცნობს მეჭონეები ამგვარ „შელოცვებსაც მიმართავდნენ“: „სახლთან მისულ მეჭონეთაგან ერთ-ერთი იკითხავდა: - ეს ოჯახი ააშენა ღმერთმა? მეორე პასუხობდა: - დაგაჯერა ღმერთმა!“ ამის შემდეგ ამ ოჯახს დასძახებდნენ საჭონაო საგალობლებს. მარტო ამით არ მთავრდებოდა. მეჭონეები გოდრებით ხელში დადიოდნენ კარდაკარ აგროვებდნენ წითელ კვერცხებს. „მესხეთში სალამურზეც უკრავდნენ, სოფლის გოგო-ბიჭები კი ცეკვა თამაშს, ჭიდაობას მართავდნენ“ ამგვარ მსვლელობას თან ერთვოდა შემდეგი შინაარსის ტექსტი:,,ჭონას დავალთ მადლობითა, ღმერთი თქვენის წყალობითა,ლოცვას ღამიან მოისმენთ ქრისტე ღმერთის ბრძანებითა,ლიტანიას შემოვუვლით სამთელ კელაპტრებითა,გარდამოხსნას დასცქერიხართ თქვენი კეთილ თვალებითა“.შემდეგ ბანის ერდოდან ჩაუშვებდნენ კალათს და მიაყოლებდნენ შელოცვას:,,ალათასა ბალათასა, ჩამოვკიდავ კალათასა,ერთი კვერცხი ჩვენ მოგვეცი, ღმერთი მოგვცემს ბარაქასა“.აქვე გავრცელებული იყო ცრუ რწმენაც: „მეჭონეების, ისევე, როგორც მეალილოების ხელცარიელი გაშვება ცუდის ნიშნად ითვლებოდა“სად მიჰქონდათ მეჭონეებს შეგროვილი კვერცხები? იქნებ ქვრივ-ობლებს ურიგებდნენ? - არა - „შეგროვილი სანოვაგით ილხენდნენ და წითელი კვერცხების შერკინებით ერთმანეთს ქრისტეს აღდგომას ულოცავდნენ“.

როგორ მოგწონთ სააღდგომო კვერცხების შერკინება? რაჭაში კიდევ უფრო შორს წასულან: „რაჭაში, ერთ-ერთ ეკლესიაში ინახებოდა ე.წ. „საუქმო ბუატი“, მას „საუქმოსაც“ ეძახდნენ. ბუატს გრძელი ფორმა ჰქონდა და სოფლის მოსახლეს შეეძლო მისი ქირით გამოტანა. ამ საკრავზე ყველა ვერ დაუკრავდა, რადგან შიგ ჩასაბერად ძლიერი კაცი იყო საჭირო. ბუატი მეჭონეებს თავიანთი მსვლელობების დროს დაჰქონდათ და მოსახლის ეზოში მისულები, სიმღერის ნაცვლად მასში სამჯერ ჩაჰბერდნენ, რის შემდეგაც ხალხი კვერცხითა და კვერებით ასაჩუქრებდა მათ“. ავტორი სრულიად ვერ გრძნობს უხერხულობას იმის გამო, რომ ეკლესია ამ შემთხვევაში „საუქმო ბუატის“ გასაქირავებელ პუნქტად გადაუქცევიათ და ეჭვიც კი არ უჩნდება, რამდენადაა მისაღები ამგვარი რამ.

და ეს ყოველივე, როგორც სტატიის ავტორი გვამცნობს აღდგომამდე მცირე ხნით ადრე ხდება. ჩვენს დრომდე მოღწეული საეკლესიო ტრადიციით კი აღდგომამდე მცირე ხნით ადრე მართლმადიდებელი ქართველი მძიმე მარხვით, ქრისტეს მიერ გოლგოთისკენ გავლილ გზას კვლავ იხსენებს. ტაძრებში იკითხება სახარება და კაცობრიობის გამოხსნისათვის დაღვრილი უდანაშაულო სისხლი კვლავ უძლიერებს მორწმუნეს სინანულს თავისი დაცემული ბუნების გამო და უფლისადმი მადლიერებით აღავსებს. ვნების შვიდეულის შაბათს გარდამოხსნასთან იკითხება ღმრთისმშობლის დატირება და შეუძლებელია ცრემლისა და სინანულის გარეშე მისი მოსმენა. ნებისმიერი ეკლესიურად მცხოვრები დაგვემოწმება, რომ აღდგომის სიხარული ვერ იქნება სრული, თუკი მარხვითა და ლოცვით არ გავიხსენებთ უფლის ვნებებს.
სტატიის ავტორი კი სრულიად საპირისპირო სურათს გვიხატავს, რომლის არაეკლესიურ წარმომავლობას ისიც ადასტურებს, რომ „ამ საგალობელს (ისე კი ვგონებთ, ზემოთმითითებულ ტექსტზე გაწყობილ მუსიკას ტერმინი „საგალობელი“ სრულიად არ მიესადაგება.) ყმაწვილები სამიკიტნოებშიც გალობდნენ... და „მას „ლოთი კამპანიის“ სიცილ-ხარხარი და ცუდი სიტყვები ეგებებოდა“. კიდევ კარგი რომ ამ ფაქტს უარყოფითი კონტექსტით მოიხსენიებენ. მაგრამ ყველაზე დიდი სურპრიზი სტატიის დასასრულს გველოდა, თურმე, „სააღდგომოდ კელასურთან მდებარე ეკლესიის გალავანში დამარხული მიცვალებულების საფლავზე წითელი კვერცხები და სანოვაგე მიჰქონდათ. აღდგომა ღამეს კი ბევრი პატარა კიბორჩხალა მიჰყავდათ და მათზე ანთებულ სანთლებს ამაგრებდნენ. ღამით ეკლესიის ეზოს მოძრავი, მაგრამ თავად უჩინარი კიბორჩხალები, მოციმციმე სანთლებით ანათებდნენ. ხალხის რწმენით ისინი ღმერთის მოციქულები იყვნენ“. და აქაც არსად არ არის მითითებული, რომ მსგავსი რამ მკრეხელობაა და მიუღებელი მართლმადიდებლობისათვის. ჩვენ ამ სტატიის გამო შეშფოთებას არ გამოვთქვამდით ის სხვა რომელიმე გაზეთში რომ დაბეჭდილიყო, რადგან დღეს ქართული პრესა მრავალი უმსგავსობითაა გადაჭედილი, მაგრამ ეს სტატია უკომენტაროდაა გამოქვეყნებული ისეთ საპასუხისმგებლო ორგანოში, როგორიცაა „საპატრიარქოს უწყებანი“ და „ალილოს“ დამკვიდრების შემდეგ გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ ხვალ შეიძლება აღდგომა ღამეს მოგვთხოვონ „ტრადიციული რიტუალების აღდგენა“, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არც ერთ მეცნიერს არ გამოუკვლევია, თუ რამდენად ტრადიციული იყო საქართველოს ამა თუ იმ კუთხეში ვინ უწყის საიდან შემოჭრილი ესა თუ ის წარმართულ-მაგიური რიტუალი. კელასურში კიბორჩხალების დანახვაზე გული შეიძლება არავის წაუვიდეს, ზღვისპირეთის მოსახლეობა მიჩვეულია ამ ერთობ „სიმპათიური“ არსების იერსახეს, მაგრამ წარმოიდგინეთ თბილისი, რომლის ჩაბნელებულ ქუჩებშიც მოციმციმე სანთლებით რვაფეხა არსებები იღოღიალებენ...

ჩვენთვის საგულისხმოა დიდი მამულიშვილის ილია ჭავჭავაძის ერთერთი პუბლიკაცია, „ხალხის ჩვეულებათა შესწავლის შესახებ“, სადაც წერს: „...ჩვენმა ინტელიგენციამ ხელი მოჰკიდა მარტოდ-მარტო სახალხო პოეზიის შეკრებას. ეს საკმაო არ არის. არა თუ საკმაო, იქნება ბევრჯერ მავნებელიც იყოს და ხალხის ცხოვრების შესახებ შეცდომაში შეგვიყვანოს ამ პოეზიამ. რისთვის, როგორ? - გვკითხავს განცვიფრებული მკითხველი. აი, რისთვის და როგორ: პოეზია, და მეტადრე სახალხო პოეზია, თქვენც მოგეხსენებათ, უფრო ფანტაზიის ნაყოფია და ფანტაზია კიდევ მაგრე-რიგად არ ეწყობა და არ ემორჩილება ზნეობით კანონის მოთხოვნილებას. ხშირად მდაბიო ხალხი, გატაცებული ფანტაზიის აღმაფრენით, დამღერის და დაჰხარის ისეთს საგანს და მოვლენას, რომელიც ძირეულად ეწინააღმდეგება ცხოვრების სიკეთესა და ცრუმორწმუნოებაზედ არის აშენებული. რასაკვირველია, მარტო პოეზიის მიხედვით დასკვნა და მსჯელობა ხალხის ცხოვრების საჭიროებაზედ და მის მოთხოვნილებაზედ შეცდომა იქნება და ამ შეცდომას საზარალო შედეგი უნდა მოჰყვეს“. ამგვარად მსჯელობდნენ ძველად ერისკაცნი, და მითუმეტეს ეკლესიის მამების ქადაგებებში ხშირად ვხვდებით მრევლის გაფრთხილებას მავნე და არასწორი რიტუალების დამკვიდრების საშიშროების შესახებ. რაც ტრადიციის სახეს იღებდა, ყოველივე როდი მიაჩნდათ მართებულად. ამის თვალსაჩინო მაგალითია დღემდე ტრადიციად შემორჩენილი ღრეობა წმიდა გიორგის ხსენების დღეებში, რომლის შესახებ საქართველოს ბოლო საუკუნეების უდიდესი მამა წმიდა გაბრიელ ქიქოძე ამგვარად უქადაგებდა სულიერ შვილებს: „გარნა თქვენ, როგორც ვხედავ, ისრე გონებთ, რომ წმიდა გიორგისათვის დიდი პატივის-ცემა არის, როდესაც ითამაშებთ, იმღერით, ცხენებს აჭენებთ. ვის გაუგონია, რომ თამაშობა, სიმღერა, ცხენის ჭენობა და ბევრი ღვინის სმა მოეწონოს რომელსამე წმიდას? თუ ამისთანა საქმე ყვარებოდა წმიდა გიორგის, არც იქმნებოდა იგი წმიდათა შორის....თუ გსურს წმიდა გიორგის პატივის-მცემელი იყო, მოიშალე ერთი რომელიმე შენი ცოდვა და მადლიანი საქმე აღასრულე; მაშინ მხოლოდ იქმნება იგიცა შენი შემწე და მფარველი, რომელიცა მოგვცეს ღმერთმან. ამინ“.

მიუხედავად სულიერი მამის გაფრთხილებისა, გიორგობა დღეს ღრეობა მაინც არ აღმოფხვრილა ჩვენში, მაგრამ არავის აქვს უფლება გაამართლოს იგი ტრადიციის სახელით. სულ მცირე ხნის წინ საზარელი შედეგი მოჰყვა ამგვარ არასწორ მსხვერპლშეწირვას. ერთ-ერთი სოფლის ეკლესიაში გიორგობა დღეს ცხვარი დაკლეს და ღრეობა იქვე ეზოში გამართეს. სუფრაზე მეგობართან შეკამათების შემდეგ ცხვრის შემწირველმა დანას დაავლო ხელი და წლების მანძილზე ერთურთის ჭირისა და ლხინის გამზიარებელი მეზობელი მოკლა. მოკლულის ცოლმა იარაღი აიღო და მკვლელის ცოლ-შვილს დახოცვით დაემუქრა, შემდეგ ბენზინი გადაასხა ეზოში მდგარ მანქანასა და სახლს და გადაბუგა. ამგვარი რამ ღმრთის დიდება რომ არ არის და ამგვარი მსხვერპლი ვის უხარია ყველასათვის ნათელია. უმჯობესი იქნებოდა „საპატრიარქოს უწყებანს“ ხშირად ესაუბრა სწორედ მსგავსი ჩვეულებების მავნებლობაზე, ის კი პირიქით რეკლამას უკეთებს და უკვე მივიწყებულ მავნე ჩვეულებებს კვლავ შეახსენებს საქართველოს მოსახლეობას.იმედია „საპატრიარქოს უწყებანის“ რედაქცია გაითვალისწინებს ჩვენს გულისტკივილს და მომავალში მეტი სიფრთხილით მოეკიდება მსგავს ეთნოგრაფიულ სიუჟეტებს.

თეა პაიჭაძე

„შემდეგ რა ჟამს მისცა ჰაოს ძმათა თვისთა წილნი ქუეყანათა, და შემდგომად ქართლოსის ცოლმან ძეთა თვისთა... მცხეთას მყოფი უწარჩინებულეს მთავრად და მამასახლისად და მოურნედ მათ ყოველთა ისახელებოდა. არამედ სარწმუნოება მათი იყო ერთისა დამბადებლისა ღვთისა თაყვანისცემა და ფუცვიდნენ ქართლოსის საფლავს. ზნე ჰქონდათ: პირმტკიცობა, მტრის წინააღმდეგ ერთობა, თავისუფლებისთვის მხნედ ბრძოლა, მაგრად დგომა მისთვის, ციხე-სიმაგრეთა და ქალაქთა შენება, გამაგრება ქუეყანისა, ერთისა ცოლისა ქმრობა, რამეთუ მოიყვანიან თავ-თავის თანასწორთ: მთავარნი მთავართა, აზნაურნი აზნაურთა და უმცირესნი უმცირესთა; და ამის გამო არ იყო მრავალცოლიანობა, ვითარცა ვიხილავთ ქართლოსისასა და სხუათაცა... და იყვნენ მრავალთა წელთა წესთა ამათ ზედა.

ხოლო შემდგომად დაივიწყეს ღმერთი დამბადებელი თვისი და თაყვანს სცუმდნენ მზესა, მთოვარესა, ვარსკვლავთა და ნივთიერთა და პირუტყვთა და შემოერიათ გარეგანნი წარმართნი: სპარსნი, თურქნი, ასურნი და ბერძენნი, და შემდგომად ურიანი... და უმეტეს დაივიწყეს დამბადებელნი თვისი და წესი ჩვეულებანი თვისნი, და იქმნენ ყოველთა წარმართთა უწარმართესნი და უუსჯულოესნი“.

„ქართლის ცხოვრება“