მთავარი
ჩვენს შესახებ

სიახლეები
მოვლენებ
წერილები
ბროშურები

მიმართვები, ბუკლეტები
წიგნები
პერიოდული ბიულეტინი
მულტიმედია
თავჯდომარის გვერდი

მშკ გვერდი
ბმულები
კონტაქტები

 

განათლების რეფორმა - ილიას სახელით ილიას გზის უარმყოფელი

  • რა „დაკვეთა“ ჩაიდო“ რეფორმაში
  • მოზარდი თაობის გარყვნა
  • რეფორმის „ძირითადი მონაპოვარი“ - მართმადიდებლობის დევნა-შევიწროება

თბილისი 2006 წელი

1. რეფორმა ილიას გზის უარმყოფელი ერი, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი აღიარებს ზნეობრივი ცხოვრების წესს და სურს, ამ გზით იაროს, საზოგადოება, რომლის უდიდესი ნაწილი ნდობას უცხადებს ეკლესიას, თავის სარწმუნოებად მართლმადიდებლობას აღიარებს, პატივს სცემს მართლმადიდებლობასთან შენივთებულ ეროვნულ ცნობიერებას, კულტურასა და ტრადიციებს, აქვს სახელმწიფოებრივი ცნობიერება და ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობა, თავს მოტყუებულად, აბუჩად აგდებულად და შეურაცხყოფილად გრძნობს, როდესაც სთავაზობენ და თავს ახვევენ განათლების რეფორმას, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ დიდი მამულიშვილის, ილია ჭავჭავაძის სახელს ატარებს, თავისი არსით ილიასეული ფასეულობებისა და ღირებულებების აღმოფხვრას ისახავს მიზნად. რეფორმა ამჟამად და, მეტადრე, პერსპექტივაში ეწინააღმდეგება და უარყოფს ყოველივე იმას, რასაც დიდი ილია ამკვიდრებდა, რისთვისაც იგი იბრძოდა და რისთვისაც მოწამებრივად აღესრულა კიდეც.

ნებისმიერი რეფორმა ზნეობრიობაზე ორიენტირებულ ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, რომელსაც გააჩნია უმდიდრესი საგანმანათლებლო ტრადიცია და მსოფლიო მნიშვნელობის კულტურა, უნდა პასუხობდეს საზოგადოების უმრავლესობის სულიერ, ესთეტურ და ყოფით მოთხოვნებს. კერძოდ, განათლების რეფორმა საქართველოში უნდა ემყარებოდეს ქრისტიანული მოძღვრების ზნეობრივ და ეთიკურ ნორმებს (სარწმუნოება), ისტორიულად ჩამოყალიბებულ და მართლმადიდებლობასთან შენივთებულ ეროვნულ თვითშეგნებას, ცნობიერებას, აზროვნების წესსა და ინსტრუმენტებს, კულტურას, ადათ-წესებსა და ტრადიციებს (ენა და მამული). ამის საპირისპიროდ მიმდინარე რეფორმა სწორედ ილიას მიერ დასახულ ამ ფასეულობებს ანგრევს:

  • რეფორმამ ულმობელი ომი გამოუცხადა მართლმადიდებლობას, - სკოლებში აიკრძალა მართლმადიდებლობის ქადაგება, სწავლება, აიკრძალა ლოცვა, ხატი, ჯვარი, სამლოცველო კუთხე. ამის სანაცვლოდ ისწავლება წარმართული რელიგია უწყინარი სახელწოდებით „მითოლოგია“. აიკრძალა მართლმადიდებელი ეკლესიის სუფევა სკოლებში, სამაგიეროდ ფართოდ გაეღო კარი კათოლიკურ ორგანიზაციას - „კათოლიკური დახმარების სამსახურს“;
  • რეფორმა არა წყალობს, პირველ რიგში, სწორედ ისეთ საგნებს, რომლებიც ეროვნულ თვითშეგნებას აღვივებენ: ქართულ ენას, მშობლიურ ლიტერატურასა და საქართველოს ისტორიას;
  • რეფორმატორები „თავისუფალი“ პიროვნების ჩამოყალიბებას უკავშირებენ ლიბერალური ღირებულებების დამკვიდრებას, რაც, სინამდვილეში, სხვა არაფერია, თუ არა მოზარდების უზნეობისკენ წარმართვა, უზრდელობაზე, ურჩობასა და ეგოიზმზე ორიენტირება;
  • სკოლის კარი ფართოდ გაიღო მოზარდების გამრყვნელი პროგრამებისა და პროექტებისათვის: ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდის საფარველით ხდება სიძვა-მრუშობისა და ნარკომანიის პირდაპირი თუ არაპირდაპირი ქადაგება;
  • მოზარდთა უფლებების დაცვის საფარველით რეფორმირებული სკოლა ებრძვის საუკუნეების მანძილზე დამკვიდრებულ ტრადიციებს - უფროს-უმცროსობისა და შეგირდობის ინსტიტუტს, მასწავლებლის პატივისცემის, ოჯახიშვილობის, მშობელთა პატივისცემისა და მათდამი მორჩილების ტრადიციას.
  • რეფორმატორები საუბრობენ მოზარდების ძალადობისაგან დაცვაზე, სინამდვილეში კი მათზე სულიერ ძალადობასა და აგრესიას ახორციელებენ.

2. რა „დაკვეთა“ ჩაიდო რეფორმაში?

ჩვენს მიერ ნათქვამს ადასტურებს როგორც ანალიტიკური, ისე მრავალი ფაქტობრივი მასალა. ის, თუ რა „დაკვეთა“ ჩაიდო რეფორმაში და აისახა კანონებში, ამაზე ნათლად მეტყველებენ ის კვლევები, მისი ანგარიშები და კონფერენციათა მასალები, რომლებიც რეფორმის წინა პერიოდში შესრულდა თუ ჩატარდა საქართველოში საერთაშორისო ორგანიზაციების დაფინანსებით. სხვათაგან გამოვყოფთ მასშტაბურ გამოკვლევას თემაზე „აღმსარებლობის თავისუფლება საქართველოში“, 2002 წ.; გამოკვლევას, შესრულებულს გლობალ ფონდის პროექტისთვის GFATM; ჰენრიხ ბიოლის რეგიონალური ფონდის მხარდაჭერით ჩატარებული კონფერენცია თემაზე: „მართლმადიდებლობის როლი საქართველოსა და რუსეთის სახელმწიფოსა და საზოგადოებებში“, 2004 წლის 23-25 იანვარი და სხვა.

ამ გამოკვლევებისა და კონფერნციების მასალებიდან აშკარად გამოსჭვივის იმ ძალების შეშფოთება, რომლებიც, ფაქტობრივად, მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავენ ჩვენი ქვეყნის განვითარების პოლიტიკურ, სოციალურ, ზნეობრივ (უფრო სწორედ – უზნეო), ეთიკურ, ესთეტიკურ და სხვა მიმართულებებს. მათი ეს შეშფოთება დაკავშირებულია მართლმადიდებლობისა და მართლმადიდებელი ეკლესიის როლითა და მნიშვნელობით ჩვენს ქვეყანაში, მისი გავლენით მოსახლეობაზე და მოსახლეობის მხრიდან მისდამი ნდობის ხარისხით. ჩვენი დროის „დემოკრატები“ პირდაპირ აცხადებენ, რომ ქვეყანაში, რომლის რომელიმე ერთ ინსტიტუტს, ჩვენს შემთხვევაში - ეკლესიას, მოსახლეობაში ასეთი მაღალი ნდობის ხარისხი აქვს (ბოლო გამოკვლევებით - 90%-მდე), იქ დემოკრატიაზე საუბარი ზედმეტია. სწორედ ამით გამჟღავნდა ამ ძალთა არა დემოკრატიული, არამედ დემონოკრატიული ხასიათი. განათლების მიმდინარე რეფორმაში ეს დემონოკრატიზმი ასახულია და მოქმედებს. რეფორმის მიზანი ერთია: სკოლამ არ უნდა შეუწყოს ხელი მოზარდებში მართლმადიდებლური ცნობიერებისა და ეროვნული თვითშეგნების ჩამოყალიბებასა და განმტკიცებას, ტრადიციებისა და კულტურული მემკვიდრეობისადმი პატივისცემას.

იმისათვის, რომ მკაფიოდ დავინახოთ, „რეკომენდაციები“ გაითვალისწინეს „რეფორმატორებმა“ რეფორმის დაგაგმვის, წარმართვისა და კანონშემოქმედების პროცესში, მოკლედ შევეხოთ ხსენებული გამოკვლევებისა და კონფერენციების მასალებს. ეს კვლევები უშუალოდ წინ უსწრებდა რეფორმას და მათ საფუძველზე გაკეთებული დასკვნები შემდგომ რეფორმის მიმართულებებში აისახა.

I.

2002 წელს საქართველოში ჩატარდა გამოკვლევა, რომლის თემა იყო „აღმსარებლობის თავისუფლება საქართველოში“. იგი განხორციელდა ევროკავშირის მხარდაჭერით. გთავაზობთ ამონარიდს ამ გამოკვლევის მასალებიდან. მასში, კერძოდ, აღნიშნულია, რომ რელიგიური შეუწყნარებლობის საფუძველი საზოგადოებაშია, რომელიც რამდენიმე მომენტით არის განპირობებული. შემდეგ ნათქვამია (ციტატა):„ამ მიზეზთაგან ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ საზოგადოების ნაწილი მართლმადიდებლობას ერთგვარი „ეროვნული იდეოლოგიის“ დატვირთვას ანიჭებს, ხოლო სხვა რელიგიური მიმდინარეობები მიჩნეულია საფრთხედ ქართული სახელმწიფოსა და ეროვნული მთლიანობისათვის. შესაბამისად, საზოგადოების ამ ნაწილის მოთხოვნები რამდენიმე პუნქტად შეიძლება ჩამოყალიბდეს:

  • საქართველო უნდა იყოს მართლმადიდებლური ქვეყანა;
  • სახელმწიფომ მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ უნდა გაატაროს პროტექციონისტული პოლიტიკა და უნდა უზრუნველყოს მისი პრივილეგირებული მდგომარეობა;
  • მართლმადიდებელი ეკლესია სახელმწიფოს შემდეგ ყველაზე დიდი მესაკუთრე უნდა გახდეს;
  • განათლების სისტემა მართლმადიდებლობას უნდა დაეფუძნოს; მართლმადიდებლობის წინააღმდეგ მიმართული ნებისმიერი ქმედება და აგიტაცია-პროპაგანდა კანონით უნდა აიკრძალოს.“ (ციტატის დასასრული) (გვ 8).

შემდეგ მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ საზოგადოება წინააღმდეგია რელიგიური ექსტრემიზმისა, და არც ექნება მას ადგილი, თუკი იგი არ იქნება პროვოცირებული სახელმწიფოს მიერ. მიმოხილვის ფაქტობრივი მასალებიდან ჩვენ შემდეგი დასკვნა შეიძლება გავაკეთოთ: დღეს, ისევე, როგორც ისტორიულად, საქართველოში ქართველი მართლმადიდებლები არიან კაცთმოყვარენი, კაცთშემწყნარებლები და არა რჯულთშემწყნარებლები, რომ მათთვის უცხოა რელიგიური ექსტრემიზმი, არავის დევნიან, მაგრამ მოითხოვენ, რომ ქვეყანაში თავად მართლმადიდებლობა არ იქნეს დევნილი, შეზღუდული და ხელყოფილი სხვა კონფესიების, სექტებისა და აღმსარებლობების მხრიდან.

მიმოხილვაში შემდეგ ნათქვამია (ციტატის დასაწყისი): „საზოგადოებაში არსებული განწყობილებები მკაფიოდ გამოვლინდა შეხვედრაზე, რომელიც 1997 წელს შედგა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რელიგიის შესახებ კანონის მიღებასთან დაკავშირებით. შეხვედრაზე უნივერსიტეტის პროფესორები, პარლამენტის წევრები და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები ერთხმად ითხოვდნენ მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებას და არამართლმადიდებლური კონფესიების შეზღუდვას“ (ციტატის დასასრული).

შემდეგ მიმოხილვაში აშკარად დომინირებს აზრი, რომ „დემოკრატიისათვის“, (სინამდვილეში – დემონოკრატიისათვის) ქართველთა კაცთმოყვარული ტოლერანტობა უნდა შეიცვალოს რელიგიური ტოლერანტობით, რჯულთშემწყნარებლობით, ანუ, რელიგიური განურჩევლობით.

საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი, არც თუ უსაფუძვლოდ, ფიქრობს რომ სხვა რელიგიათა მოზღვავება და აგრესიული პროზელიტიზმი, დაფუძნებული ფულსა და მატერიალურ ფასეულობებზე, საფრთხეს უქმნის ეროვნულ ცნობიერებასა და მართლმადიდებლურ ღირებულებებს, და სამართლიანადაც ფიქრობს. ფაქტია, რომ ქართველთა ეროვნული ცნობიერება და მართლმადიდებლური ზნეობა არავითარ ღირებულებას არ წარმოადგენს გლობალიზებადი მსოფლიოსათვის. პირიქით, მართლმადიდებლობა და მასთან შენივთებული ეროვნული ცნობიერება აღიქმება გლობალიზაციის შემაფერხებელ ფაქტორად. სწორედ ამიტომ იქნა მიზანში ამოღებული მართლმადიდებლობა და მასთან ერთად მის მიერ შედუღაბებული ეროვნული ფასეულობები, ტრადიციები და ეთიკური პრინციპები. ეს „დაკვეთა", კერძოდ, განათლების რეფორმაშიც ჩაიდო.

II.

აი, სხვა მასალები: 2004 წლის 23-25 იანვარს თბილისში ჰენრიხ ბიოლის რეგიონალური ფონდის მხარდაჭერით ჩატარდა საქართველოსა და რუსეთის ერთობლივი კონფერენცია თემაზე: „მართლმადიდებლობის როლი საქართველოსა და რუსეთის სახელმწიფოსა და საზოგადოებებში“. კონფერენცია, რომელიც აშკარად ანტიმართლმადიდებლურ სულისკვეთებას გამოხატავდა, - ისევე, როგორც ჰენრიხ ბიოლის ფონდის სხვა ღონისძიებები, - მრავალმხრივ საყურადღებოა ჩვენთვის. კონფერენციაზე თანამოაზრეთა დაუფარავმა, ღია საუბარმა მრავალი გასათვალისწინებელი თვალსაზრისი და პოზიცია წარმოაჩინა, ხოლო კონფერენციის მასალებმა ასევე მრავალი ფაქტობრივი მასალა მოიცვა. ჩვენ ეს თვალსაზრისები ასეთი კუთხით უნდა განვიხილოთ: მონაწილეთათვის არასასურველი ფაქტები თუ მოვლენები ჩვენთვის სასურველია, მათთვის შემაშფოთებელი ჩვენთვის სანუგეშოა, და პირიქით.

სტატისტიკური მონაცემები, რომელიც სხვადასხვა კვლევების შედეგად იქნა მოპოვებული და კონფერენციის მასალებში ჩართული, აშკარად აჩვენებს მართლმადიდებლობის წამყვან როლს საქართველოში. წარმოჩენილია მოსახლეობის შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ სექტები და სხვა კონფესიები, მათი აგრესიული პროზელიტიზმის წყალობით მართლმადიდებელთა ხარჯზე ფართოვდებიან.

კონფერენციაზე ძირითადად წარმოდგენილი იყვნენ სოროსის ქართული კადრები და ეკლესიას მტრადმოკიდებული ყოფილი სემინარისტები. ისინი იმედოვნებენ, რომ ეკლესიაში ჩატარებული რეფორმების შედეგად აუცილებლად მოხდება განხეთქილება. შემდეგ ერთ-ერთმა მონაწილემ (პაატა ზაქარეიშვილმა), აღნიშნა (ციტატის დასაწყისი): „საქართველოს ეკლესია დღეს წარმოადგენს ყველაზე პირწავარდნილი ნაციონალიზმის ბუდეს, და ამიტომ, თუკი საზოგადოება დემოკრატიულ ლიანდაგებზე გადავა, განხეთქილება ეკლესიაში გარდაუვალია. ეს ნორმალური მოვლენაა, მასში საშინელი არაფერია. დაიწყება ეკლესიის დამოკრატიზაციის პროცესი... მასში (ეკლესიაში-ა.უ.) სამღვდელოების უმრავლესობა ჩამორჩენილი ხალხია. მათთვის დემოკრატია იგივეა, რაც ანტიქრისტე“ (ციტატის დასასრული).

ერთ-ერთ მოხსენებაში (ნოდარ ლადარია) ვკითხულობთ (ციტატის დასაწყისი): „საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლში ნათქვამია, რომ სახელმწიფო აღიარებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს საქართველოს ისტორიაში. (ეს) აღიარებული ფაქტი არის მეტაიურიდიული. ამიტომ არ იწვევს ეს ფრაზა განგაშს თვით დასავლეთის ექსპერტებში. ჩემთან საუბარში ნუნციმ სამხრეთ კავკასიაში, არქიეპისკოპოსმა ცურბრინგერმა მშვიდად აღნიშნა, რომ სახელმწიფოს შეუძლია აღიარებდეს იმას, რაც უნდა. იგი (ნუნცი-ა.უ.) ეკუთვნის იმ საზოგადოებას, რომელშიც არავის მოუვა თავში, მსგავს ზოგად განცხადებებს საკანონმდებლო აზრი მიანიჭოს.

მაგრამ ჩვენი საზოგადოება ორგანიზებულია რამდენადმე განსხვავებულად... ჩვენს საზოგადოებაში ეკლესიის შემეცნების ერთ-ერთ ძირითად თვალსაზრისს წარმოადგენს მისი შემეცნება წარსულის კონტექსტში, მისი აღქმა, როგორც დამაკავშირებელი რგოლისა, რომელზეც დამყარებულია, არც მეტი, არც ნაკლები, თვით ერის იდენტურობა. თავისი მთლიანობით წარსული კონტრასტირებს თავისი მრავალფეროვნებით შემაშინებელ დღევანდელობასთან და ხდება წინ წამოწეული იდეალი. ამაზე მეტყველებს ცნობილი ლოზუნგები: „წინ, დავით აღმაშენებლისაკენ“, „წინ, ილია ჭავჭავაძისაკენ“. ამაში მოჩანს ყველა საეკლესიო რეფორმის პარადიგმა: დაბრუნება ად ვერე ვიტამ აპოსტოლიცამ ¬ - ჭეშმარიტად მოციქულებრივი ცხოვრებისკენ.

საეკლესიო დისკურსის ძირითად შემადგენელს წარმოადგენს რელიგიური ნაციონალიზმი... უნდა ითქვას, რომ მსგავსი მსოფლშეგრძნების ფესვები საშუალო სკოლებში მშობლიური ლიტერატურის სწავლებაში იმალება... არ არის საჭირო, დიდხანს ვამტკიცოთ, რომ ეკლესიის ადგილი საზოგადოებაში მზადდება და შეინახება ენის საშუალებით“ (ციტატის დასასრული). მეტად საყურადღებო ფაქტობრივ მონაცემებს შეიცავდა კონფერენციაზე წარმოდგენილი მოხსენება - „საქართველოს ქალაქის მოსახლეობა რელიგიასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ“: მასში მოცემულია სოციოლოგიური კვლევების მონაცემები, რომელთა სანდოობა იქიდან გამომდინარეობს, რომ შედეგები აშკარად არასასურველია კონფერენციის მონაწილეებისათვის. მოხსენებაში ნათქვამია, რომ პოსტსაბჭოთა პერიოდში (ციტატის დასაწყისი): „მართლმადიდებლობა ეროვნულობასთან ერთად საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისათვის ძირითად იდენტიფიკატორად იქცა... ამ პირობებში საერთაშორისო კვლევითმა ცენტრმა ჩაატარა გამოკითხვა 2003 წლის ივლისში. გამოკითხვა ჩატარდა თბილისში, ქუთაისსა და გორში, რიცხობრივი სოციოლოგიური გამოკითხვის მეთოდით. გამოკითხვის ტიპი - ინტერვიუ პირისპირ.

1. თვლით თუ არა თავს მორწმუნედ?

თავს ღრმად მორწმუნედ მივიჩნევ

18,5

მივიჩნევ

77,8

არ მივიჩნევ

5,3

მიჭირს პასუხი

0.4

2. რომელ აღმსარებლობას განაკუთნებთ თავს?

მართლმადიდებლობას

94,0

კათოლიკებს

0,3

პროტესტანტებს

0,2

სხვა (შესაძლოა, არც ერთს-ა.უ.)

5.5

6. როგორი უყურებთ შემდეგ აღმსარებლობებს?

 

დადებითად

უფრო
დადებითად
ვიდრე უარყოფითად

უფრო
უარყოფითად
ვიდრე
დადებითად

უარყოფითად

მიჭირს პასუხი

კათოლიკები

17.0

59.0

12.8

10.6

0.7

პროტესტანტები

6.5

41.2

22.8

26.2

3.3

იეღოველები

2.3

13.3

21.8

62.0

0.7

ბაპტისტები

3.0

16.5

28.3

49.9

2.3

ორმოცდაათიანელები

2.4

15.5

26.6

53.7

1.8

მუსულმანები

8.5

40.6

22.8

27.3

0.8

იუდეველები

11.2

47.8

17.2

23.3

0.6

9. მხარს დაუჭერდით თუ არა შემდეგ ქმედებებს რელიგიური უმცირესობების მომართ?

მხარს დავუჭერდი მხარს არ დავუჭერდი მიჭირს პასუხი 1 მათი შეკრების დარბევას 32.7 66.2 1.1 2 მათი ლიტერატურის განადგურებას 46.9 52.6 0.5 3 მათ წინააღმდეგ იდეურ ბრძოლას 78.7 20.8 0.4 4 მათ წინააღმდეგ უკანონო ქმედებების გამოძიებასა და დამნაშავეთა დასჯას 31.9 66.7 1.5 5 მათ მხარდასაჭერად აქციებსა და დემონსტრაციებს 10.3 89.1 0.6 6 მათი საქმიანობის აქტივიზაციას 6.3 93.3 0.4 (ციტატის დასარული). ამ მონაცემებიდან ნათლად ჩანს, რომ ქართველი მართლმადიდებლების ტოლერანტობა კაცთმოყვარულია, და არა რჯულთშამწყნარებლური. მეორე მხრივ, ქართველთა რჯულთშეუწყნარებლობისათვის ნაკლებად მისაღებია აგრესია და ექსტრემიზმი და, ძირითადად, მართლმადიდებლობისა და მართლმადიდებელთა იმ რელიგიურ და ზნეობრივ მოძალადეთაგან დაცვაში ვლინდება, რომლებიც ასე ხელშეწყობილად მომრავლდნენ ჩვენს ქვეყანაში. ეს მოვლენა, ცხადია, არ აწყობთ სოროს-ეკუმენისტებს. მათი მიზანია რელიგიური ტოლერანტობა, ეკუმენიზმი, ანუ, რელიგიური განურჩევლობა, იგივე - ანტიქრისტეს რელიგია.

კამათის დროს ერთ-ერთმა მონაწილემ (ლევან აბაშიძე) აღნიშნა (ციტატის დასაწყისი): „ადამიანთა უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით - ჩვენთან სიტუაცია მეტ-ნაკლებად ნორმალურია... მეორე დარღვევა - ვერც-ერთმა რელიგიურმა ორგანიზაციამ ვერ მიიღო რეგისტრაცია. მართალია, ჩვენთან არც ისე საშინელი სიტუაციაა, რომ თუ არა გაქვს რეგისტრაცია, მაშინ შენ რამენაირად სპეციალურად გზღუდავენ, არ გაძლევენ ლოცვის საშუალებას. ყველას შეუძლია შეიკრიბოს და ილოცოს, მაგრამ ეს (რეგისტრაციის პრობლემა-ა.უ.) ქმნის ძალიან სერიოზულ პრობლემას.

მეორე შენიშვნა - იდეოლოგიის შესახებ. მართლმადიდებლობა საქართველოში, სამწუხაროდ (!), ხდება სახელმწიფოს იდეოლოგია. და ეს ძალიან მოჩანს სკოლაში. აი, ჩემი გოგონები სწავლობენ მეორე და მეხუთე კლასებში... მაგალითად, კერძო საუბარში ჩემს გოგონას ჰკითხეს, რომელია მისი საყვარელი წიგნი. მან უპასუხა: “ჰარი პოტერი”. ხოლო მეგობარმა გოგონამ უთხრა, რომ ჰარი პოტერის წაკითხვა არ შეიძლება. მე ვფიქრობ, რომ ეს ის სფეროა, რომელშიც ჩვენ უნდა ვმუშაობდეთ, რომ ავუხსნათ, რომ მართლმადიდებლობა, ქრისტიანობა არ შეიძლება იქცეს სახელმწიფოს იდეოლოგიად, ყოველ შემთხვევაში, 21-ე საუკუნეში.“ (ციტატის დასასრული). აი, დემონოკრატიის ნათელი მაგალითები!

მოგვყავს კიდევ სხვა მოხსენებიდან სოციოლოგიური გამოკითხვის მასალები (ციტატის დასაწყისი):

ცხრილი 1. საქართველოში სხვადასხვა ინსტიტუტებისადმი ნდობის ხარისხი (1200 გამოკითხული რესპოდენტიდან)

ინსტიტუცია ენდობა არ ენდობა პასუხი არა აქვს არ უპასუხა პოლიცია 51 1006 57 114 საპრეზიდენტო ხელისუფლება 124 910 89 88 სასამართლო 116 913 87 95 პარლამენტი 51 982 75 103 სახელმწიფო კანცელარია 44 949 111 107 სახ. დამცველის ოფისი 174 749 187 101 მართლმადიდებელი ეკლესია 767 235 118 91 (ციტატის დასარული). ბოლო გამოკითხვებით, როგორც აღვნიშნეთ, ეკლესიისადმი ნდობის ფაქტორი კიდევ უფრო გაიზარდა (90%-მდე). ვფიქრობთ, სოროსელთა შეშფოთება საფუძვლიანი იყო და ამიტომაც ადექვატური „დაკვეთა“ ჩაიდო რეფორმაში და ქვეყნის შიდა პოლიტიკის მრავალ მიმართულებაში.

III.

დასასრულს შემოგთავაზებთ ამონარიდს კიდევ ერთი გამოკვლევიდან, რომელიც შესრულდა გლობალ ფონდის პროექტის „დავამარცხოთ შიდსი, ტუბერკულოზი და მალარია“ (GFATM) ფარგლებში. პროექტი ხუთწლიანია (2004-2008 წ.) და 12 მლნ. აშშ დოლარით დაფინანსდება. კვლევა და მისი შუალედური ანგარიშის მომზადება UNESCO-სა და ფლანდრიის (ნიდერლანდები) მთავრობის მხარდაჭერით განხორციელდა. კვლევის შედეგები იმ პერიოდს ასახავს, რომელიც, უშუალოდ, განათლების რეფორმის დაწყებას უსწრებდა წინ. (ანგარიში კი ოდნავ მოგვიანებით გამოქვეყნდა).

თავიდანვე უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ტუბერკულოზი გაცილებით უფრო მწვავე და აქტუალური პრობლემაა საქართველოში, ვიდრე შიდსი, მაგრამ პროექტის განხორციელება მაინც შიდსის პრევენციით დაიწყეს. ამის მიზეზი კვლევის ანგარიშიდან მკაფიოდ ჩანს: შიდსის პრევენციას პროგრამის განმხორციელებლები პირდაპირ უკავშირებენ უსაფრთხო სექსის პროპაგანდასა და საექსუალური განათლების შეტანას სკოლაში. მიზანი აშკარაა: მოზარდ თაობაში მართლმადიდებლური ცნობიერებისა და ზნეობის შეცვლა ამორალურით, რასაც „რეფორმატორები“ ლიბერალურ ღირებულებებს უწოდებენ.

წარმოდგენილ ანგარიშში ასევე, ასახულია ჩვენი ორგანიზაციის ქმედებები, მის წევრთა, მათ შორის – სასულიერო პირთა, მოსაზრებები, ყოველივე ის, რაც ჩვენ სხვა და სხვა დროს გამოვთქვით თუ მოვიმოქმედეთ: ნაწილი სექსუალური განათლების წინააღმდეგ ბრძოლის დროს, ნაწილი პროექტის მესვეურებთან და მის განმახორციელებლებთან საუბრისას მოსალოდნელი საშიშროებებისა და მიდგომების მიუღებლობის შესახებ. უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი პოზიციები ანგარიშში მისაღები სიზუსტით არის გადმოცემული. აი, ამონარიდი ანგარიშიდან (ციტატის დასაწყისი):

„აივ-ინფექცია და შიდსი საქართველოში
UNESCO 2005-08-05

საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას მიეკუთვნება... მართლმადიდებელი ეკლესიის იდეოლოგია საკმაოდ კონსერვატულია; ლიბერალიზმი, ფემინიზმი და სხვა თანამედროვე მიმართულებანი ეკლესიის მხრიდან მუდმივ წინააღმდეგობას ხვდებიან.Eეკლესიის წინააღმდეგობის გამო სასკოლო პროგრამაში სექსუალური განათლების კურსის შეტანაც ჯერ ვერ მოხერხდა.Qქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას აივ-თან და შიდს-თან დაკავშირებით აზრი ოფიციალურად ჯერ არ გამოუთქვამს, თუმცა ტელევიზიით გამოსვლებსა და ქადაგებებში ეკლესიის მსახურნი მუდმივად იმეორებენ, რომ აივ-ითა და შიდს-ით ადამიანი ცოდვების, კერძოდ, ქორწინებამდე და ქორწინების გარეშე სექსუალური კონტაქტების გამო ისჯება. საკუთარი დოგმებიდან გამომდინარე, ეკლესია უსაფრთხო სექსის პრინციპებს მხარს ვერ დაუჭერს, მაგრამ შეიძლება ისეც მოხდეს (!), რომ ეკლესიის სწავლებამ მორწმუნეთა ქცევაზე ზეგავლენა ყოველთვის ვერ მოახდინოს და მათ ერთზე მეტი სექსუალური პარტნიორი იყოლიონ. ყოველ შემთხვევაში, მეცნიერულ მონაცემებზე დაყრდნობილი აივ-ის პრევენციული საქმიანობის დაგეგმვისას ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის თანადგომის იმედი არ უნდა გვქონდეს. (გვ 102). (ანუ, ეკლესიას არაფერი ეშველება, ხალხი უნდა ჩამოვაშოროთ ეკლესიასო-ა.უ.)

სკოლებსა და უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში აივ-ისა და ნარკოტიკების გამოყენების პრევენციისაკენ მიმართული სპეციალური პროგრამები არ არსებობს. საშუალო სკოლის პროგრამაში აივ-ის პრევენციის კურსის შეტანამ მშობლებისა და ეკლესიის წინააღმდეგობა გამოიწვია და ის ჯერ-ჯერობით (!) განუხორციელებელი რჩება. . . 2003 წელს შემუშავებულ იქნა სასწავლო კურსი, მაგრამ განათლების სამინისტროს ჯგუფი, რომელიც ამაზე მუშაობდა, შეიცვალა. გარდა ამისა, გაიზარდა საზოგადოების ზეწოლაც, რადგან ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ზოგიერთმა გავლენიანმა პირმა პროგრამას წინააღმდეგობა გაუწია იმის შიშით, რომ იგი ახალგაზრდებში „ამორალური ცხოვრების წესს“ გაუწევდა პროპაგანდას. (გვ93-94).

არასამთავრობო ორგანიზაცია „მართლმადიდებელ ქრისტიან მშობელთა ასოციაცია“ კი სკოლაში ასეთი განათლების (იგულისხმება სექსუალური განათლება-ა.უ.) წინააღმდეგია. მათ სჯერათ, რომ მასწავლებლებმა და მშობლებმა ერთობლივი ძალისხმევით ბავშვებსა და მოზარდებს უმთავრესი ქრისტიანული ღირებულებები უნდა შეასწავლონ და ქართული ოჯახის ისეთი ტრადიციები უნდა განამტკიცონ, როგორებიცაა ზომიერება (მოკრძალება), ქორწინებამდე ქალიშვილობის შენარჩუნება, და არა ისე, რომ უსაფრთხო სექსის პრინციპებს აზიარონ. ამ ჯგუფის ერთ-ერთი ლიდერი ამბობს: „სკოლაში მოზარდებთან სექსუალურ საკითხებზე საუბარი ნაადრევია.“ სიტყვა „სექსი“ ბავშვებთან არც კი უნდა ვახსენოთ, რადგან ეს მათ „შეუცნობელის“ მიმართ არაჯანსაღ ინტერესს გაუღვივებს. (გვ 108).

საშუალო სკოლის პროგრამაში სექსუალური განათლების საკითხების შეტანის მცდელობას დიდი წინააღმდეგობა გაუწია ზოგიერთმა სოციალურმა ჯგუფმა და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კულტურული ზეგავლენისა და ძალაუფლების მქონე რელიგიურმა ლიდერებმა. სექსთან დაკავშირებული საკითხები, ძირითადად, ტაბუირებულია ოჯახებშიც. ამდენად, სექსუალური განათლების მიღების სარწმუნო წყაროები ჯერ კიდევ მცირეა. (გვ. 94, 97)

ამ თემას აუცილებლად უნდა მოვხსნათ ტაბუ, მასმედიის, სატელევიზიო კლიპებისა და სხვა სახის რეკლამების მეშვეობით აქტიური კამპანია უნდა ვაწარმოოთ. ჩვენ ვითარება ისე უნდა შევცვალოთ, რომ აღარ იყოს სამარცხვინო პარტნიორს ჰკითხო, გაიარა თუ არა მან ტესტირება. (გვ.125)

შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ქართული საზოგადოება ხანგრძლივ „სექსუალურ რევოლუციას“ განიცდის... ქცევით დონეზე უკვე სახეზეა ქალთა სექსუალური ცხოვრების ლიბერალიზაცია. უფრო მეტიც, ქორწინებამდე სექსუალური კავშირის დამყარება თბილისელ მამაკაცებს (პროვინციაში მცხოვრები მამაკაცებისგან განსხვავებით) უკვე დასაშვებად მიაჩნიათ. (გვ. 87)

„ორგანიზაცია „საქართველოს ბავშვთა ფედერაცია“ გლობალ ფონდის პროექტის „დავამარცხოთ შიდსი...“ ერთ-ერთ კოპმპონენტს - „ახალგაზრდობის აივ/შიდსის პრევენციას“ ახორციელებს. ამ პროექტის ახალგაზრდობისათვის განკუთვნილი კომპონენტის განსახორციელებლად ფედერაციამ კონსორციუმი შექმნა... კონსორციუმი ფართომასშტაბიან კულტურულ და საგანმანათლებლო ღონისძიებებს გეგმავს: „უსაფრთხო არდადეგები“ შავი ზღვის სანაპიროზე, ზაფხულში... “ (ციტატის დასასრული).

3. მოზარდი თაობის გარყვნა

„უსაფრთხო არდადეგები“ რომ უსაფრთხო სექსსაც გულისხმობს, ეს „საქართველოს ბავშვთა ფედერაციის“ მიერ შექმნილი კონსორციუმის (შედიან: „საქართველოს ბავშვთა ფედერაცია“, შიდსის ეროვნული ცენტრი, ორგანიზაციები: „თანადგომა“, „ბემონი“, და საერთაშორისო ახალგაზრდულ ორგანიზაციათა ქსელი „იუვეკო“) საქმიანობიდანაც ჩანს. მაგალითისათვის, კონსორციუმმა 2005 წელს „თანატოლთა განსწავლის“ პროგრამის სერიით გამოუშვა ბუკლეტი: „ქცევის შეცვლის მოტივირება და მხარდაჭერა“, რომლის შინაარსია (ციტატა ბუკლეტიდან): „როგორ აწარმოონ მოლაპარაკება პარტნიორთან უსაფრთხო სექსის შესახებ”. ბუკლეტში კონსორციუმის წევრები ახლაგაზრდობას მოუწოდებენ: „დამატებითი ინფორმაციისა და კონსულტაცია-გამოკვლევისთვის მოგვმართეთ... “.

ვფიქრობთ, კომენტარი ზედმეტია. სამწუხაროდ, უნა აღინიშნოს, რომ საზოგადოების მხრიდან საკმაოდ დაბალი აქტივობის გამო ერის დემორალიზაციის მოსურნეებმა, ნელ-ნელა, დაიწყეს თავიანთი გამხრწნელი გეგმების სისრულეში მოყვანა. ამისათვის საკმარისია თვალი გადავავლოთ ამჟამად საქართველოში მიმდინარე პროექტებს, რომელთა ძირითადი სამიზნე მოსწავლე-ახალგაზრდობაა, ხოლო პროექტების მოქმედების არეალი სასწავლო დაწესებულებებსაც მოიცავს. ასეთი პროექტებია:

  • ორგანიზაცია „ბემონი“ და ”საქართველოს ბავშვთა ფედერაცია“ ახორციელებენ თანატოლებს შორის უსაფრთხო სექსის საგანმანათლებლო (?!) პროგრამებს;
  • პროექტი „ Healthy Women in Georgia“, ორგანიზაცია „Save the children“-ის ეგიდით, მიზნად ისახავს ქცევის ადგილობრივი ნორმების შეცვლას იმერეთში, მოზარდებში უსაფრთხო სექსის ჩვევების დამკვიდრებას თანატოლთა განათლების გზით;
  • პროექტი - „გურიის მოზარდების რეპროდუქტიული ჯანმრთელობა“, ახორციელებს ორგანიზაცია „CARE“ - გულისხმობს ინფორმირებული სექსუალური ჯანმრთელობის არჩევანის გაკეთების უნარის მოზარდებში გავარჯიშებას (2005 წლიდან) და სხვ.

ამ პროექტების განმხორციელებლები, ვითომ, დასავლური გამოცდილების გადმოტანას ცდილობენ. სინამდვილეში, როგორც წესი, გვერდს უვლიან სწორედ ამ დასავლურ გამოცდილებას, ხშირად არ ითვალისწინებენ ადგილობრივ გარემოებებს, ტრადიციებს, ზნეობისა და ეთიკის ნორმებს.

მართლაც, ის პროგრამები, რომლებიც დასავლეთში განკუთვნილია მარგინალური ჯგუფებისთვის - ნარკომანების, ჰომოსექსუალებისა და მეძავებისათვის - ჩვენთან მიმართულია მოზარდი თაობისა და ახალგაზრდობის ფართო წრისა და ჯგუფებისათვის, რაც დამღუპველია მათი ფსიქიკისა და ზნეობისათვის. დასავლეთის სკოლებში მოზარდებს არავინ ესაუბრება შპრიცებსა და პრეზერვატივებზე, მასმედიის საშუალებებით არ ხდება ნარკოტიკების სახეობების, მათი მოხმარების წესებისა და მსგავსი საკითხების ახსნა-განმარტება, არავინ ურიგებს სკოლებსა თუ სხვა ადგილებში მოზარდებს პრეზერვატივებსა და მსგავს საშუალებებს, ყოველივე ზემოთქმულის შემცველ ბუკლეტებს.

მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში შიდსის პრევენციის ტაქტიკა დიფერენცირებულია საზოგადოების ჯგუფების მიხედვით: ახალგაზრდებისთვის მხოლოდ თავშეკავების პროპაგანდა მიმდინარეობს, დაქორწინებული წყვილებისთვის განკუთვნილ ინფორმაციაში მხოლოდ ერთგულებაზეა საუბარი, პრეზერვატივების გამოყენებას მხოლოდ მეძავებსა და მაღალი რისკის სხვა ჯგუფებს მოუწოდებენ. უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში და ტელევიზიით პრეზერვატივების ხსენება საერთოდ აკრძალულია. საქართველოში კი ტაქტიკა არ არის დიფერენცირებული. ტელევიზიით და სკოლებში ბავშვებისთვის ისეთივე მიმართვები და მოწოდებები კეთდება, როგორიც დასავლეთში მეძავებისთვისა და ნარკომანებისათვის. ასეთი პროგრამების შედეგად სკოლებში მიმდინარეობს უსაფრთხო სექსის რეკლამა, ზაფხულობით ეწყობა „უსაფრთხო არდადეგები“ ბანაკებში. ტელევიზიის სხვადასხვა არხის მიერ, ფაქტობრივად, ნარკოტიკების რეკლამა წარმოებს, ეს მაშინ, როდესაც არასრულწლოვანთა მავნე ზემოქმედებისაგან დაცვის საქართველოს კანონი ეთერში ნარკოტიკის დასახელებასაც კი კრძალავს. თბილისის სკოლებსა და ავტობუსებში გაკრულია პლაკატები წარწერით „ნუ გამოიყენებთ უკვე ნახმარ შპრიცს და ნუ გადაააგდებთ მას ქუჩაში“.

ჩვენ პირდაპირ ვაცხადებთ: როდესაც პროგრამებისა და პროექტების განმახორციელებლები მოსწავლეებს ურიგებენ ბუკლეტებს, სადაც წერია, რომ ყოველ შემთხვევით სექსუალურ პარტნიორთან დამცავი საშუალებები უნდა გამოიყენონ, ეს არის სიძვის ქადაგება. როდესაც მოზარდებს ეუბნებიან, რომ ნახმარი შპრიცით არ უნდა გაიკეთონ ნარკოტიკი, ეს არის ნარკომანიისკენ ბიძგის მიცემა, ნარკომანიის ირიბი ქადაგება. შედეგად, ნარკომანიამ მოზარდებში - ბიჭებსა და გოგონებშიც - კატასტროფულ დონეს მიაღწია.

მოზარდებზე მავნე ზეგავლენის შედეგად გაიზარდა მკვლელობებისა და ძალადობების რიცხვი. აშკარად იზრდება გარყვნილების დონე და პროსტიტუცია. ამას თუნდაც ის მესიჯები ამტკიცებენ, რომლებიც მორბენალი სტრიქონების სახით ტელეეკრანებზე ჩვენ თვალწინ გაირბენენ ხოლმე. აი, ზოგიერთი მაგალითი:

  • 202-ის მორბენალი სტრიქონი - „ვარ 14 წლის, ბიჭებო, სექსი არ გინდათ, დამიმესიჯეთ“;
  • „დროებაში“ - ქალიშვილები ვიჟიშვილების წინააღმდეგ: „მომწყინდა თქვენი ვაჟიშვილობა“,

და ა.შ. რეფორმის გარიჟრაჟზე სკოლებში მოსწავლეებს არალეგალურად და არაოფიციალურად უტარდებოდათ სექსუალური განათლების გაკვეთილები, სხვადსხვა საფარველით: ჰიგიენა, თავდაცვა და მისთ. მაგალითად, ერთ-ერთ სკოლაში გოგონებსაც და ბიჭებსაც ავარჯიშებდნენ ბანანებზე პრეზერვატივის ჩამოცმაში, სხვაგან მოსწავლეებს პრეზერვატივები დაურიგეს. ერთმა მამამ, შემთხვევით, თავის გოგონას ხელში დაუნახა იგი და სკოლის დირექტორს მიუვარდა, რომელიც მას მაგიდის ქვეშ ემალებოდა. მაგრამ, სამწუხაროდ, ამ მამამ თავი აარიდა ბოლომდე მიყოლოდა ამ საქმეს და პასუხი მოეთხოვა განათლების სისტემის მესვეურებისათვის. ასეთი შემთხვევები მრავლად იყო. ჩვენი მხრიდან მათზე რეაგირება იყო მწვავე, პასუხს ვთხოვდით სკოლის დირექტორებსა და მასწავლებლებს, საქმის კურსში ვაყენებდით განათლების მინისტრს, მაგრამ სამინისტროს არავინ დაუსჯია და არავისთვის მოუთხოვია პასუხი. საზოგადოების ასეთმა აქტივობამ ის შედეგი მაინც გამოიღო, რომ მოზარდთა განმრყვნელმა სწავლებამ ჯერ-ჯერობით ოფიციალურად ვერ ჰპოვა გავრცელება სკოლებში. მაგრამ სხვა საშუალებებით, როგორც ვნახეთ, მიმდინარეობს მოსწავლე-ახალგაზრდობის გარყვნა.

არის ერთი ასევე საშიში მიმართულება: მოზარდთა უფლებების დაცვის სფერო. არასწორი სწავლებით, რაც, ფაქტობრივად მიმდინარეობს, შეიძლება სავალალო შედეგები მივიღოთ და მოსწავლეები ჩამოყალიბდნენ ეგოისტებად, ურჩებად, უზრდელებად და მასწავლებელთა და მშობელთა არაპატივისმცემლებად. არასწორი სწავლების მაგალითად მოვიყვანთ შემთხვევას, რომელსაც ადგილი ჰქონდა ერთ-ერთ სკოლაში: სამართლის გაკვეთილზე „მასწავლებელი” მოსწავლეებს მტკიცედ არწმუნებდა, რომ მათ მიღებული შრომითი შემოსავალი მხოლოდ საკუთარი საჭიროებისთვის უნდა მოიხმარონ. არა ოჯახს, არა მშობლებს, არა და-ძმებს, არა ხელმოკლეობის შესამსუბუქებლად, არამედ - საკუთრივ, ყველასა და ყველაფრისადმი ეგოისტური მიდგომით უნდა მოიხმარონ.

როგორც ვხედავთ, საქართველოში, ნაბიჯ-ნაბიჯ, ხდება ცოდვის ლეგალიზება, ხშირად - სკოლის კედლებში. მრავალრიცხოვანი პროგრამების მეშვეობით ასეთმა ქადაგებებმა ტოტალური ხასიათი მიიღო. ამას ემატება ტელევიზიებით ისეთი გადაცემებისა თუ ფილმების ჩვენება, რომლებიც შეიცავენ გარყვნილებას, მათ შორის – მოზარდებს შორის, სიძვა-მრუშობას, გაუკუღმართებულ სექსს, ძალადობასა და სადიზმს, ნარკომანიასა და აშკარა სატანიზმს, ქალაქი კი პორნოგრაფიულმა ჟურნალ-გაზეთებმა წალეკა, - ყოველივე ამის შემდეგ გვექმნება შთაბეჭდილება, რომ რაღაც ძალები მიზანმიმართულად ცდილობენ, გარყვნან ჩვენი მომავალი თაობა, უბიძგონ სიძვა-მრუშობისაკენ, ჰომოსექსუალ-ტრანსსექსუალიზმისაკენ, ნარკომანიისაკენ, სისასტიკისაკენ, ღვთისმგმობელობისაკენ, სკოლის კარები ღიაა ამ უმსგავსოებისათვის - განმკითხავი კი არავინ არის. იმ სახის პროექტებზე, რომლებიც მიმართულია მოზადრი თაობისაკენ და ახალგაზრდობისაკენ, არამცთუ უმკაცრესი, არავითარი კონტროლი არ არის დაწესებული. ყოველივე ეს ხდება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და კომუნიკაციების ეროვნული მარეგულირებელი კომისიის ხელშეწყობით თუ არა, მათი უმოქმედობითა და შემწყნარებლობით მაინც. სამინისტროს მიერ ზემოთქმულის მიმართულებით კანონის დარღვევის რაიმე ფაქტის დაფიქსირების არც ერთი შემთხვევა არ არის ჩვენთვის ცნობილი. სამინისტროს სტრუქტურაში არის რგოლი, რომელიც უნდა თანამშრომლობდეს ჩვენნაირ ორგანიზაციებთან, მაგრამ, როგორც ჩანს, მას ეს არ სურს. წერილი მისწერა ჩვენმა პარტნიორმა ორგანიზაციამ – პასუხის ღირსიც არ გახადეს. აქედან გამომდინარე, კონტროლის განხორციელების ფუნქცია მთლიანად საზოგადოებამ, არასამთავრობოებმა, ეკლესიამ და მისმა წევრებმა უნდა იკისრონ.

4. რეფორმის ძირითადი „მონაპოვარი“ - მართმადიდებლობის დევნა-შევიწროება

საგანგებო თემაა რეფორმის ერთ-ერთი ძირითადი „მონაპოვარი" - კანონის ძალით მართლმადიდებლობის განდევნა სკოლებიდან. დევნა ამჟამადაც მიმდინარეობს. სულ ახლახან (მარტის თვეში) განათლების სისტემაში „ხატმებრძოლობის“ ახალი ტალღა წამოიწყეს: მასწავლებლებს „ტრენინგები“ ჩაუტარეს და პირდაპირ მოუწოდებდნენ, რომ სკოლებში არც ხატი, არც ჯვარი - მართლმადიდებლობის ნაშთიც აღარ დატოვონ.

ის, რომ „ზოგადი განათლების შესახებ" კანონის მიღებისას არ გაითვალისწინეს საზოგადოებრიობის ფართო წრეების მოსაზრებები, ეს ერთი საკითხია. მეორე საკითხია, რომ თვით ეს მიღებაც უკანონობასთან იყო დაკავშირებული. სახეზე იყო მზარდი თავხედური სითამამე რიგი ორგანიზაციისა თუ პიროვნებებისა. მაგალითისათვის დავასახელებთ კანონპროექტის პარლამენტში საკომიტეტო განხილვებს, რომელსაც პირადად ვესწრებოდით. პირველი მოსმენით კანონპროექტის მიღების შემდეგ, მეორედ მოსმენის წინ, საკომიტეტო განხილვისას, კანონპროექტში გაჩნდა მე-18 მუხლის ახალი შინაარსი (როგორც ჩანს, თავისუფლების ინსტიტუტის ინიციატივითა და ფორმულირებით), რომლის მიხედვითაც აიკრძალა სკოლის ტერიტორიაზე რელიგიური, ანუ, მართლმადიდებლური სიმბოლოების განთავსება, როგორებიცაა ჯვარი, ხატი და სხვა, მართლმადიდებლობის ქადაგება და მისი რაიმე სახით სწავლება.

კანონის მიღებით სკოლიდან ხომ განდევნეს მართლმადიდებლობის სწავლება, სამაგიეროდ სასწავლო პროგრამაში დაუშვეს წარმართული რელიგიის სწავლება, ერთი შეხედვით უწყინარი სახელწოდებით, „მითოლოგია“, რომელიც VIII კლასში ისწავლება. იგი წარმოადგენს მეტად საშიშ და შეფარულ საცდურს ბავშვებისათვის.

მოკლედ შევეხოთ ამ საგანსა და სახელმძღვანელოს: სახელმძღვანელოში მოთხრობილია მითები, ანუ ძველი წარმართული მრავალღმერთიანი რელიგიების მოძღვრებები სამყაროს შექმნის, წარღვნის, მკვდარი და აღდგომილი ღმერთების შესახებ. მართლმადიდებელმა მშობლებმა და მასწავლებლებმა უნდა იცოდნენ, რომ ბავშვებისთვის ამ სახელმძღვანელოს წაკითხვა არ შეიძლება, რადგან ის ისეა შედგენილი, რომ დააჯეროს ბავშვები, თითქოს ცრუ ღმერთები სინამდვილეში არსებობდნენ. ნაცვლად იმისა, რომ აუხსნან მოზარდებს, რომ წარმართობა და მითოლოგია არის გამონაგონი და სიცრუე. „რეფორმატორები“ კი ცდილობენ, დაარწმუნონ ბავშვები მის სინამდვილეში და დააყენონ ჭეშმარიტ ქრისტიანულ სწავლებასთან ერთ რიგში, არიონ ერთმანეთში ჭეშმარიტება და სიცრუე.

სახელმძღვანელოს ავტორი პირველი გვერდებიდანვე ცდილობს დაარწმუნოს მოსწავლე მითების სანდოობაში, ცრუ ღმერთების ნამდვილობაში (ციტატა):„დიდი განსხვავებაა მითსა და ზღაპარს შორის. მათი ერთმანეთში აღრევა არ არის სწორი... მითოსი ისეთი ამბავია, რომელიც მოგვითხრობს ღმერთების საქმიანობის შესახებ კაცობრიობის წინაისტორიულ ხანაში. როგორ შექმნეს ღმერთებმა ეს სამყარო, როგორ შეიქმნა ან გაჩნდა ესა თუ ის საგანი თუ მოვლენა სამყაროში, როგორ და რატომ შექმნეს ღმერთებმა ადამიანი - ეს ყველაფერი მითოსის თემაა.... ზღაპარი ტყუილია, ეს ყველამ იცის - მთხრობელმაც და მსმენელმაც, ზღაპრის ამბავი არასდროს ხდება ერთ რომელიმე კონკრეტულ ქვეყანაში და რომელიმე კონკრეტულ დროში... ხოლო მითოსის ამბავი ხდება განსაზღვრულ ქვეყანაში და რეალურობაში.

თუ მითოსი ბერძნულია, ელინური ამბავიც საბერძნეთში, ელადაში ხდება ამა და ამ მეფის დროს. რა დროში ხდება მითოსის ამბავი? ეს დრო კაცობრიობის ისტორიამდელი დროა, ჩვენი თანამედროვეობის წინარეწარსულია. კიდევ ერთი ნიშანი, ზღაპარში მოთხრობილი ამბის კვალს ჩვენ ვერ ვხედავთ და ვერც დავინახავთ ჩვენს სინამდვლეში, ჩვენს გარშემო. მითოსის კვალი კი ჩვენს ყოველდღიურობაშია... მდინარისა თუ ტბის მითოსის დამაჯერებლობას ადასტურებს თავად მდინარე თუ ტბა, რომელიც აგერ, ადამიანის თვალწინაა. მათი არსებობა დამაჯერებლს ხდის მითოსში მოთხრობილ ამბავს. აი, ამ აზრით მითოსი სარწმუნოა. მითოსის შინაარსი უტყუარი და სარწმუნო იყო ძველ საზოგადოებაში...“ (გვ. 5-7) (ციტატის დასასრული).

ასეთი სწავლება აცდუნებს ბავშვებს. მათთვის დამაჯერებელს ხდის მითოსში მოთხრობილ ამბებს და სიყვარულით განაწყობს ცრუ ღმერთებისადმი. ბიბლიაში წერია: „ყოველნი ღმერთნი წარმართთანი ეშმაკ არიან“ (ფს. 95,5). წმინდა დავით აღმაშენებლის მიერ მოწვეული რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა გვასწავლის: „ელინური გამონაგონი სიბრძნე, რომელიც ზოგის გულუბრყვილობით მათთვის ღვთივ-ბოძებულ სიბრძნედ ითვლებოდა, სრული სიბრძნით ამხილეს მოციქულებმა და ცხადყვეს, რომ მათი ზღაპარ-მწერლობითი ხელოვნება ლაპარაკის ღირსიც არ არის“. წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს: „წარმართთა სიბრძნე ამაოება არს და ზღაპარ და არა მხოლოდ ზედმეტია, არამედ მტრული და საზიანოა“.

VIII კლასის სახელმძღვანელო იმგვარადაა შედგენილი, რომ ბავშვებს დადებითად და რწმენით განაწყობს მოთხრობილი ამბებისა და ცრუ ღმერთებისადმი. ეს განწყობა მათ სიტყვითაც უნდა გამოხატონ, როდესაც კითხვებზე უპასუხებენ და გაკვეთილს მოჰყვებიან.

127-ე გვერდზე ვკითხულობთ: „არტემისის მადლი გადმოდიოდა ცხოველებსა და მცენარეებზე, აგრეთვე ბავშვებზე, რადგანაც იყო მათი მფარველი, მელოგინეთა შემწყნარებელი. არტემისი კეთილმოწყალე ღვთაებად ითვლებოდა. მას ავედრებდნენ ახლობელთა ჯანმრთელობას. მის სურნელოვან საკურთხევლებზე ქალწულები აწყობდნენ თმათა კულულებს, დედოფლები კი ქორწინების დღეს - სათამაშოებს.“

გარდა სამყაროს შესახებ მცდარი შეხედულებებისა, ეს სახელმძღვანელო ბავშვებს ასწავლის ცრუ მოძღვრებას სულთა გადასახლების შესახებ. 119-გვერდზე ბავშვებს ურჩევენ, რომ იმ მითების გარდა, რომელიც სახელმძღვანელოშია თავმოყრილი, იმავე თემაზე აგრეთვე წაიკითხონ ოვიდიუსის “მეტამორფოზები” (გარდასახვანი).„ყოველი მითის ფინალური ნაწილია ადამიანის გარდასახვა ახალ სულიერ არსებებად თუ უსულო საგნებად: ცხოველად, მცენარედ, ქვად, წყაროდ, ციურ მნათობად თუ სხვა. დიდი პოეტური ოსტატობით შექმნილ თხზულებაში მრავალი სიბრძნეა ჩაქსოვილი“ - ამბობს სახელმძღვანელოს ავტორი და აცდუნებს ბავშვებს.

გარდა ამისა, სახელმძღვანელოს საცდური ისიც არის, რომ ბიბლიაც მითების გვერდზეა დაყენებული და ბავშვებს შეიძლება წარმოდგენა შეექმნას, რომ ბიბლიაც მითია. წიგნის სარჩევს რომ გადავხედოთ, წავიკითხავთ: მითები სამყაროს შექმნის შესახებ, ადამიანის შექმნა, წარღვნა, მომკვდარი და აღმდგარი ღვთაების მითოსი. მაგალითად, წიგნში არის შემდეგი შეკითხვები და დავალებები (ციტატა):„წაიკითხეთ ბიბილიაში წარღვნის ამბავი და შეადარეთ მას ბაბილონური წარღვნის მითოსი. რა მსგავსება და რა განსხვავებაა მათ შორის? შეადარეთ ერთმანეთს უთანაფიშთი და ბიბლიური ნოე“ (გვ.49); „...შეადარეთ წარღვნის ბერძნული მითოსი ბიბლიურ, შუამდინარულ და ინდურ ვერსიებს“ (გვ.51); „...შეადარეთ შუმერული და ბიბლიური თქმულებები და იმსჯელეთ მათ შორის მსგავსება-განსხვავებებზე“ (გვ.56). (ციტატის დასასრული). ამასთანავე, ბერძნულ, ეგვიპტურ და ინდურ მითებთან ერთად მოთხრობილია იაკობ მამამთავრის ცხოვრება ბიბლიიდან (გვ.75).

წიგნის ბოლო თავში - „ძირითადი მითოლოგიური სიმბოლოები“ - დახატულია წმინდა ანდრეას ჯვარი, წმინდა ნინოს ჯვარი, აგრეთვე სხვა ჯვრები და წერია, რომ „ჯვარი ქრისტიანობის ყველაზე გავრცელებული ნიშანია“, იქვე დასმულია შეკითხვა: „რატომ აქვს წმინდა ნინოს ჯვარს დახრილი მკლავები?“ (გვ. 212). ქრისტიანული სარწმუნოებისადმი მსგავსი დამოკიდებულება ამ წიგნში კიდევ ბევრ ადგილას ჩანს.

ყველა „სიკეთესთან” ერთად, მითები ბავშვებს აჩვევენ ქურდობას (ჰერმესი), მრუშობას (ზევსი, აფროდიტე), მისნობას (აპოლონი), ჯადოქრობას, ძალადობას, ყოველივე იმას, რასაც მითები მოგვითხრობენ. ამ სახელმძღვანელოს უარყოფითი თვისება ისიცაა, რომ მისი ფურცლები სავსეა კერპების, შიშველი ქალღმერთებისა და მამაკაცების სურათებით. როგორც წმინდა ხატების თვალიერება სასარგებლოა სულისთვის, ამის საპირისპიროდ, ბილწი კერპების თვალიერება - მავნებელია.

წმინდა მღდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი თავის წერილში „რათა განვეშოროთ იმ წიგნების კითხვას, რომლებიც შეიცავენ ცრუ სწავლებას“ წერს: „ჭეშმარიტებაში სულიწმიდა მოქმედებს - სული ჭეშმარიტებისა, ხოლო სიცრუეში დემონის სული მოქმედებს, იგია სიცრუე და მამა სიცრუისა; და ვინც ცრუ მოძღვართა წიგნებს კითხულობს, იგი აუცილებლად ხდება თანაზიარი სიცრუის, ბოროტი, ბნელი სულისა“.

წმინდა იოანე სინელი ამბობს: „გონება ცთომილთა მათ თქმულთა და სიტყვათა, პირველ დიდისა სისრულისა ნუ იკითხავ, რამეთუ ბნელისა სიტყვანი არიან იგინი და უძლურთა დააბნელებენ“. ამიტომ არ შეიძლება ისწავლონ ბავშვებმა ეს მითები, რომლებშიც გადმოცემულია ცრუ რელიგიური შეხედულებები. ბავშვებს ვიდრე წრფელი გული და სუფთა გონება აქვთ, ჭეშმარიტება უნდა შევასწავლოთ, ხოლო როდესაც გაიზრდებიან და ჭეშმარიტ სარწმუნოებაში განმტკიცდებიან, მხოლოდ მაშინ შეიძლება წაიკითხონ წარმართული და სხვა ცრუ რელიგიათა სწავლებები, მათი მიმდევრების სამხილებლად. „რეფორმატორები“, პირიქით, ეშურებიან, რათა სწორედ ამ ასაკში დაუმახინჯონ მოზარდებს სული და დაუბინძურონ გონება, რათა მართლმადიდებლობამ და ჭეშმარიტებამ მათში ვეღარ დაისადგუროს. მართლმადიდებელმა მშობლებმა და მასწავლებლებმა ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ, რათა დავიცვათ შვილები ამგვარი საცდურისაგან.

როგორც აღვნიშნეთ, რეფორმის ანტიმართლმადიდებლური სულისკვეთება „რეფორმატორებმა“ კანონის ძალით განამტკიცეს. „რეფორმატორებმა“ ჩათვალეს რა, რომ მართლმადიდებლობასთან საქმე მოთავებულია, 2004 წლის შემოდგომაზე სკოლის კარები ფართოდ გაუღეს, არც მეტი, არც ნაკლები, კათოლიკე ეპისკოპოსების მიერ დაფუძნებულ ორგანიზაციას სახელწოდებით „კათოლიკური დახმარების სამსახური“ (ჩღშ), რომელიც სკოლებში შევიდა პროგრამით, „ვაშენოთ მომავალი“. ანუ, „რეფორმატორების“ თვალსაზრისით, საქართველოს მომავალი მართლმადიდებლებმა კი არ უნდა აშენონ, არამედ სხვა კონფესიის წარმომადგენლებმა.

გულუბრყვილობა იქნებოდა გვეფიქრა, რომ კათოლიკები ღიად ჩაწერდნენ პროგრამის შინაარსში თავის რელიგიურ მიზნებს. მათი მიზანი მოზარდ თაობაში პროკათოლიკური და ეკუმენისტური იდეოლოგიის, რელიგიური განურჩევლობის დანერგვაა. თავიანთ სკოლებში სწორედ ამ საფრთხეს გზა გაუხსნეს 180-ე, 166-ე და 151-ე სკოლების დირექტორებმა: დ. ახალაიამ, ნ. კვირიკაშვილმა და ა. ბურჭულაძემ. სავარაუდოა, რომ კათოლიკეების პროგრამის დაშვება სკოლებში განათლების სამინისტროსთან შეთანხმებით მოხდა, მაგრამ მინისტრი ლომაია ცდილობს პასუხისმგებლობა მოიხსნას და ხელს სკოლებისაკენ იშვერს: ეს მათი გადაწყვეტილებააო. ჩვენს შეკითხვაზე, თუ რომელი გადაწყვეტილების საფუძველზე იქნა ჩღშ-ის პროგრამა „ვაშენოთ მიმავალი“ დაშვებული 151-ე და 180-ე სკოლებში, ამ სკოლების დირექტორებმა ვერც დამაჯერებელი პასუხი გაგვცეს და ვერც რაიმე გადაწყვეტილების შესაბამისი დოკუმენტი წარმოადგინეს. რაც შეეხება 166-ე სკოლას, მან პირდაპირ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროზე, როგორც ნებართვის გამცემზე, მიუთითა. თავის 2005 წლის 13 დეკემბრის ¹205/3 წერილში ამ სკოლის დირექტორი, ქ-ნი ნ. კვირიკაშვილი ჩვენს ორგანიზაციას წერს (ციტატა):„მოგახსენებთ, რომ 2004 წლის აპრილის თვიდან ჩვენს სკოლაში, პროგრამა „ვაშენოთ მომავალი”-ს ფარგლებში, ჩამოყალიბდა მოსწავლეთა კლუბი. ამ კლუბის ფუნქციონირების დოკუმენტები, გარდა იმ საბუთებისა რომლებიც გადმოცემულ ტექნიკას ეხება, სკოლას არა აქვს, ეს პროგრამა ნებადართულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ“. ჩვენ ვშიშობთ, რომ ამ წერილის გამო, შესაძლოა, დასაჯონ სკოლის დირექტორი. იგი, რა თქმა უნდა დამნაშავეა, რომ დაუშვა ანტიმართლმადიდებლური პროგრამა სკოლაში, რომელიც წმ. ანთიმოზ ივერიელის სახელს ატარებს. მაგრამ მათვარი დამნაშავეები ხელისუფლებაში არიან, ისინი, ვინც ქვეყანაში ანტიმართლმადიდებლურ და ანტიქართულ რეფორმას ახორციელებენ.

CRS-ის პროგრამის მასშტაბი საქართველოში ფართოა: ხუთი წლის განმავლობაში იგი 200-ზე მეტ სკოლას მოიცავს, მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჯამში სულ 102 სკოლა აქვთ ათვისებული. თავი რომ დავანებოთ რელიგიურ მიზნებს, ჩღშ-ის შესვლა საქართველოს სკოლებში „რეფორმატორების“ მიერვე მიღებულ „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონს ეწინააღმდეგება რამდენიმე პუნქტში:

  • CRS არის რელიგიური ირგანიზაცია, დაფუძნებული კათოლიკე ეპისკოპოსების მიერ და მისი მეთური არის რომის ეკლესიის კარდინალი. ამიტომ მისი სკოლებში შესვლა ეწინააღმდეგება დასახელებული კანონის მე-13 მუხლს;
  • CRS–ს, როგორც გარეშე პირს, არა აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს რაიმე კლუბის შექმნაში, თუნდაც კეთილშობილური მიზნით (მე-15 მუხლი);
  • CRS, როგორც პროექტის განმახორციელებელი, ხელფასს უხდის პიროვნებებს, რომლებიც წარმართავენ მიზნობრივი კლუბების საქმიანობას, ანუ, ფაქტობრივად, ჩღშ წარმართავს კლუბების საქმიანობას სკოლებში, რაც აკრძალულია კანონის მე-16 მუხლით.

აი, ასეთია რეფორმის ანტიმართლმადიდებლური ხასიათი.

ჩვენს მოხსენებაში არ შევეხეთ სხვა საგანმანათლებლო საკითხებს, ერთს კი აღვნიშნავთ, რომ მიმდინარე „რეფორმა“ არის არა განათლების, არამედ გაუნათლებლობის რეფორმა. ეს არის პროგრამა, რომელიც სულგაყიდულმა ადამიანებმა ჩაიფიქრეს.

დასასრულ, აღვნიშნავთ, რომ მიმდინარე რეფორმა მრავალი თვალსაზრისით ყოვლად მიუღებელია, ხოლო „რეფორმატორებს“, დიდი ილიას სახელის შეურაცხყოფისათვის, პასუხი უნდა მოეთხოვოთ.

ავთანდილ უნგიაძე
ფიზ.-მათ. მეცნიერებათა კანდიდატი

პროვოცირებული ექსტრემიზის მაგალითი ჩვენ ვიხილეთ. პროვოკაციის მიზანი მართლმადიდებელთა დისკრედიტაცია იყო, მათი ექსტრემისტებად, ფუნდამენტალისტებად, ფანატიკოსებად და ტერორისტებად დასახვა, შემდეგ კი საერთაშორისო უფლებათადაცვითი თუ სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანიზაციების ჩართვა ხელისუფლებაზე ზეწოლის განსახორციელებლად, იმ მიზნით, რომ ანტიმართლმადიდებლური რელიგიური ორგანიზაციების - იეღოველების, 50-ნელების, მორმონების, მუნისტების და სხვა - მომძლავრებისათვის ხელშეწყობა მომხდარიყო. ამ მიმართულებით განსაკუთრებით იღწვოდნენ და იღწვიან: თავისუფლების ინსტიტუტი, კავკასიის სახლი, ჰენრიხ ბიოლის რეგიონალური ფონდი, ომბუდსმენის აპარატი, ტელეკომპანია „რუსთავი 2“, რომელსაც შემდგომ საზოგადოებრივი ტელევიზიაც შეუერთდა, სამართალდამცავი ორგანოებისა და ხელისუფლების წარმომადგენლები.

სწორედ მათ მიერ იქნა აღნიშნული, რომ მართლმადიდებელ ეკლესიაში გამოჩდნენ მათთვის სასურველი სასულიერო პირები, რომელთა რიცხვი, (სამწუხაროდო - თქვეს), 8-9-ს არ აღემატება.

იგულისხმება მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი

როგორც ჩვენ მოგვაწოდეს ინფორმაცია - 97-ე სკოლაში.