მთავარი
ჩვენს შესახებ

სიახლეები
მოვლენებ
წერილები
ბროშურები

მიმართვები, ბუკლეტები
წიგნები
პერიოდული ბიულეტინი
მულტიმედია
თავჯდომარის გვერდი

მშკ გვერდი
ბმულები
კონტაქტები

 

მღვდელმთავართა საცდური

 

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლის გამოხმაურება ბაღდათისა და ვანის ეპისკოპოს ანტონის მოსაზრებებზე
(“საპატრიარქოს უწყებანი”, N27, 2002 წ.)

მცხეთა-თბილისის ეპარქია
თბილისი 2002

ხოლო იესუ მოუწოდა მათ და ჰრქუა: უწყითა, რამეთუ მთავარნი წარმართთანი უფლებენ მათ ზედა, და დიდ-დიდნი ხელმწიფებენ მათ ზედა?
ხოლო თქუენ შორის არა ეგრეთ იყოს, არამედ რომელსა უნებს თქუენ შორის დიდ ყოფაი, იყავნ თქუენდა მსახურ;
და რომელსა უნებს თქვენს შორის წინა ყოფაი, იყოს იგი თქუენდა მონა.
ვითარცა ძე კაცისაი არა მოვიდა, რაითამცა იმსახურა, არამედ მსახურებად და მიცემად სული თვსი სახსრად მრავალთათვს.

მათე 20, 25-28

“საპატრიარქოს უწყებანის” ამა წლის ივლისის ნომერში გამოქვეყნდა ინტერვიუ, რომელიც გაზეთის თანამშრომლებმა ბაღდათისა და ვანის ეპისკოპოსს, მეუფე ანტონს ჩამოართვეს. მეუფე გვიზიარებს თავის ერთგვარ გამოცდილებას, გვიამბობს სასულიერო პირთა და სამწყსოს აღზრდის ახალ მეთოდზე, რომელიც მან აღმოაჩინა და იყენებს კიდეც. როგორც მისივე სიტყვებიდან ჩანს, ეს მეთოდი თვითონ ერთობ ნაყოფიერად მიაჩნია - მან შეძლო “სრულყოფილი” მრევლისა და “გამოცდილ” მოძღვართა აღზრდა. ესეც აშკარაა: მეუფე ანტონი ფიქრობს, რომ საქართველოს სხვა ეპარქიებისთვისაც სასარგებლო იქნებოდა ისეთივე მკაცრი, მაგრამ დროული ღონისძიებების გამოყენება მრევლის ხელმძღვანელობისას, როგორსაც თვითონ მიმართავს. მაგრამ ბევრი ჩვენი მორწმუნე ამ ინტერვიუს წაკითხვის შემდეგ სახტად დარჩა, რადგანაც მეუფე ანტონის მიერ გამოგონილი მეთოდები სრულიად ეწინააღმდეგება ეკლესიის ტრადიციას - მათ არც არაფრის მოტანა ძალუძთ, გარდა მწუხარებისა, შფოთისა და სულიერი ზიანისა. თუკი ამ ახალ სწავლებას სხვა მღვდელმთავრებიც მიბაძავენ და მღვდლებისა და ხალხის წინააღმდეგ მსგავსი ღონისძიებების გატარებას შეუდგებიან, მაშინ საქართველოში მცხოვრებ მართლმადიდებლებს მოუწევთ საკუთარ თავზე გამოსცადონ რაღაც იმდაგვარი, რაც ძალიან მოგვაგონებს საბჭოთა პერიოდში გამეფებულ დევნას ეკლესიაზე - როდესაც ეკლესიიდან გამოსვლისას არც ერთი მორწმუნე არ იყო დარწმუნებული, კიდევ ეღირსებოდა თუ არა ოდესმე თავისი სულიერი მოძღვრის ნახვა და მისი რჩევა - დარიგების მოსმენა...

განვიხილოთ მეუფე ანტონის ზოგიერთი გამონათქვამი, რომლებმაც განსაკუთრებით გაგვაოცეს, და შევადაროთ ისინი საეკლესიო გადმოცემას: “კი ვამბობთ, რომ ეკლესიებში ხალხი მეტი მოვიდა, მაგრამ უმჯობესია, ხარისხმა მოიმატოს, ვიდრე რაოდენობამ. ახლა კი ისე გამოდის, რომ ცხვარი ირჩევს მწყემსს. ე. ი. მრევლმა ვერ გაიგო, რომ ის არის ცხვარი, მოძღვარი კი არის მისი მწყემსი. მწყემსი თუ შეუცვალე, იწყებენ შფოთს - არა, ის მწყემსი დაგვიდგინეო. მღვდელის გადაყვანა სულ პრობლემაა. ჩემს პირად მაგალითს გეტყვით - ეპარქიაში ასეთი ტაქტიკაც კი მაქვს - თითოეული მღვდელი ეპარქიის ყველა ტაძარშია ნამსახურები. ამით იმას ვაღწევთ, რომ ჯერ ერთი, მოძღვარს ემატება გამოცდილება, იგი თითოეულ ტაძარში იზრდება და, საბოლოოდ, მე ვღებულობ კარგ მოძღვარს, მან ხალხთან ურთიერთობაც იცის. ეს პრინციპი მრევლისთვისაც სასარგებლოა, მათაც მიიღეს სრულყოფილი სახე. ამავე დროს, შეიქმანა დიდი ოჯახი, მღვდელი ეპარქიაში იცნობს ყველა მორწმუნეს, ასევე მრევლიც იცნობს ყველა მღვდელს. ამ დროს არ ხდება გაუგებრობები. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჯვარს ავხსნი იმ მღვდელს, ვინც ხალხს შფოთისაკენ მოუწოდებს...”

“ერთ-ერთ ეკლესიაში დაუძახე მოძღვარს და ვაკურთხე (ეს ხდებოდა სექტემბერში) - ამ მარხვაში სხვა ეკლესიაში გადახვალ, აღდგომის მარხვის შემდეგ კი უკან დაბრუნდები-მეთქი. იქ მჭირდებოდა მისი მსახურება. მეორე დღიდან დაიწყო ხალხმა ჯგუფ-ჯგუფად მოსვლა - თუ მაგ მოძღვარს გადაიყვანთ, ჩვენ ეკლესიაში სიარულს შევწყვეტთო. ჩემი პასუხი ასეთი იყო - ხარისხი მირჩევნია რაოდენობას-მეთქი. მე ნოემბრიდან ვფიქრობდი მის გადაყვანას, მაგრამ ახლა ხვალიდან გადავა-მეთქი...ორი თვის მერე იგივე ხალხი მოდის და მეუბნება: ჩვენ დიდ პატივს ვცემდით წინა მოძღვარს, ახლაც გვიყვარს, მაგრამ ახალმა მოძღვარმა დაგვანახა, მღვდელი როგორი უნდა იყოსო. ამ პრინციპით ყველგან ვცვლი მოძღვარს. ორი წლის მანძილზე არცერთი არაა ნამსახურები ერთ ადგილზე. თან ყველა მოძღვარს ეტირებიან. მე კი ვამშვიდებ - ამასაც გაეტირებით, რომელიც ახლა მოგიყვანეთ-მეთქი. ეკლესია არ არის დემოკრატია, ეკლესია იერარქიაა. ვინც არ ცნობს იერარქიას, ძალით არავის მოჰყავს. განა შეიძლება ეკლესიაში შენი კანონები მოიტანო? ეკლესია არის სტრუქტურა. მას ჰყავს თავისი იერარქი, რომელიც საზღვრავს, ვინ როგორ დაადგინოს...” და ა. შ.

რა გვეთქმის ყოველივე ამის თაობაზე?
მართლაც, ეკლესიის ცხოვრებაში არ შეიძლება საკუთარი კანონების შეტანა! მაგრამ ის, რასაც მეუფე ანტონი გვთავაზობს, სწორედ რომ გაუგონარი სიახლეა! არც არსად წაგვიკითხავს და არც არასოდეს გვსმენია, რომ ეპისკოპოსებს სამწყსოსა და სამღვდელოების “სრულყოფისათვის” სხვადასხვა მძიმე განსაცდელი გამოეგონოთ, ხელოვნურად, უკიდურესი საჭიროების გარეშე მოეწყვიტოთ სულიერი მამები სულიერი შვილებისათვის, რომლებიც უკვე შეეჩვივნენ მას, დაუნდობლად დაერღვიოთ მჭიდრო ურთიერთობა, ასე ძნელად რომ მყარდება მოძღვარსა და სულიერ შვილებს შორის. არასოდეს ყოფილა, რომ მღვდლები განუწყვეტლივ გადაჰყავდეთ ერთი ეკლესიიდან მეორეში, ისე, რომ არ აცლიდნენ სადმე ფეხის მოკიდებას, ფესვების გადგმას, სულიერ შვილებთან მჭიდრო კავშირის დამყარებას; არასოდეს შეურაცხავთ მორწმუნე ადამიანისთვის ცოდვად და სულმოკლეობად დიდი სულიერი სიახლოვე და სიყვარული მოძღვრისადმი, ანდა ის, რომ არ სურთ მასთან დაშორება.

ეკლესიაში არასოდეს არავის უსწავლებია, რომ მოძღვართან დიდი სითბოთი დაკავშირებული სამწყსო, თითქოს ერთ ოჯახად ქცეული ერთობა სასწრაფოდ უნდა დაიშალოს “საეპარქიო ოჯახის” შესაქმნელად, როდესაც “მღვდელი ეპარქიაში იცნობს ყველა მორწმუნეს”, რომ განუწყვეტელი სიარული სხვადასხვა ეკლესიაში და მუდმივი სულიერი შვილების არარსებობა მღვდელს რაღაც “განსაკუთრებულ გამოცდილებას” ანიჭებს. პირიქით, ეკლესიის მამათა სწავლებებიდან ცნობილია, რომ მოძღვარს სულიერ გამოცდილებას ანიჭებს სწორედ მუდმივობა, იმის შესაძლებლობა, რომ ზედაპირზე კი არ იფანტებოდეს, არამედ ჩაუღრმავდეს თავის საქმეს, დიდხანს იმუშაოს ერთსა და იმავე სამწყსოსთან. ერთი ადგილიდან მეორეზე განუწყვეტელი სიარულის დროს კი იგი ვერასოდეს დაინახავს თავისი ხელმძღვანელობის, ამა თუ იმ სულიერი შვილისათვის მიცემული მიმართულების შედეგებს. წმ. მამები ხშირად იმეორებენ, “ერთი ადგილიდან მეორეზე ხშირად გადარგული ხე ნაყოფს ვერ ისხამს და ადვილად იღუპებაო”. თუკი ეს წესი ასეთი აუცილებელია მონაზვნისათვის, რომელიც არავისთან არის დაკავშირებული მტკიცე ძაფებით - მონაზონი ხომ თითქოს დამოუკიდებელია ადგილისგანაც და გარემოებებისგანაც - რამდენად უფრო მნიშვნელოვანია იგი მღვდლისათვის, რომელიც მჭიდროდ არის დაკავშირებული თავისი სამწყსოს წევრებთან!

მეუფე ანტონი ეკლესიის კანონებს იმოწმებს. მაგრამ, სხვათა შორის, არსებობს მეოთხე მსოფლიო კრების მიერ დამტკიცებული ასეთი კანონიც: “ნუმცა ვინ განტევებულად ხელთდასხმულ იქმნების, ნუცა ხუცესი, ნუცა დიაკონი, ნუცა ვინ სხუაი ყოვლად საეკლესიოი მწყობრისაგანი, თვნიერ განჩინებით ეკლესიისათვს ქალაქისა, ანუ სოფლისა, ანუ საწამებელისა, ანუ მონასტრისა დაესხმოდედ ხელნი, რომლისათვს განაჩინა წმიდამან კრებამან, რაითა განტევებულად ხელდასხმულისა მისთვს დაუმტკიცებელად იყოს ეგევითარი იგი ხელთ-დასხმაი და ვერარას შემძლებელ იყოს ქმნად სამღვდელოთაგანსა განსაქიქებელად ხელთდამსხმელისა მათისა” (კან. 6, დიდი სჯულისკანონი, 1975წ. გვ.270). დიდი სჯულისკანონის ეპ. ნიკოდიმოსისეულ გნმარტებაში (მოციქულთა მე-15 კანონის განმარტება) ნათქვამია: “იგივე მჭიდრო კავშირი, რომელიც ეპისკოპოსსა და მისი მმართველობის ქვეშ მყოფ ეკლესიას შორის იყო, ჰქონდათ ხუცესებს, დიაკვნებს და ეკლესიის სხვა მსახურებს იმ ეკლესიასთან, სადაც ისინი განამწესეს” (ტ.1.გვ.227). სხვა ადგილას ვკითხულობთ: “კრება სრულიად კატეგორიულად კრძალავს ვინმეს ხელდასხმას მსახურების ადგილის ზუსტი მითითების გარეშე” (მე-4 მსოფლიო კრების მე-6 კანონის განმარტება, ტ.1. გვ.344). კიდევ უფრო ნათლად არის ახსნილი ეს საკითხი იმავე მე-4 კრების მე-5 კანონის განმარტებაში, სადაც ნათქვამია, რომ კავშირი ეპისკოპოსსა და მის ეკლესიას შორის არის “უმჭიდროესი კავშირი, როგორც ქორწინების კავშირი ეპისკოპოსსა და მის ეკლესიას შორის, და რომ ეკლესიას ეპისკოპოსის გარდაცვალების შემდეგ “ქვრივი” ეწოდება. ამიტომ ეპისკოპოსის გადასვლას სხვა ეკლესიაში ანდა საერთოდ, ეპისკოპოსის მიერ თავისი ეკლესიის მიტოვებას არ შეიძლება სხვა რამე ეწოდოს, თუ არა იმ სულიერი კავშირის დარღვევა, რომელიც მათ აკავშირებდა...ეს განჩინება მხოლოდ ეპისკოპოსებს კი არ ეხება, არამედ სხვა სასულიერო პირებსაც უკრძალავს ერთი ქალაქიდან მეორეში გადასვლას, რადგანაც კავშირი მათსა და იმ ეკლესიას შორის, სადაც ისინი არიან დადგენილნი, კანონების (პირველი მსოფლიო კრების მე-16 და მე-4 მსოფლიო კრების მე-6) მიხედვით, ურღვევია” (ტ.1. გვ.343). ამასთან, განმარტებიდან აშკარაა, - მეტიც, ხაზგასმულიცაა - რომ აქ ლაპარაკია არა ხუცესებისა და დიაკვნების ერთი ეპარქიიდან მეორეში გადასვლაზე, არამედ სწორედ იმ ტაძრის მიტოვებაზე, სადაც ისინი განამწესეს. ამასვე მოწმობს “მღვდელმსახურის სამაგიდო წიგნი”: “მღვდლის ხარისხში ქიროტონიის დროს ხდება სამღვდელოდ გამზადებულის დაწინდვა იმ მრევლთან, რომლისთვისაც იგი განკუთვნილია” (ტ.I. გვ.330, მ. 1992).

რა თქმა უნდა, არავინ უარყოფს ეპისკოპოსის უფლებას - განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში ესა თუ ის მღვდელმსახური ერთი ტაძრიდან მეორეში გადაიყვანოს, მაგრამ ზემოთ მოყვანილი კანონებიდან აშკარად ჩანს, რომ ეს ძალიან იშვიათად შეიძლება მოხდეს და ვერავითარ შემთხვევაში ვერ იქცევა საყოველთაოდ მიღებულ წესად.

თანამედროვე მამის, იღუმენ ნიკონის (ვორობიოვი,1963) ცხოვრებაში ვკითხულობთ: “მამა ნიკონი მწუხარებით ლაპარაკობდა იმ ეპისკოპოსებზე, რომლებიც არაფრად აგდებენ არც მრევლის ინტერესებს, არც მღვდლების აზრსა და სურვილს და ხშირად გადაჰყავთ ისინი ერთი ადგილიდან მეორეზე, რითაც ანგრევენ სამწყსოს, ამრავლებენ სასულიერო პირთა მწუხარებებს და ზიანს აყენებენ მთელ ეკლესიას” (“ჩვენთვის შემორჩენილია სინანული”, გვ.41, მ. 1997). სწორედ ასე იქცეოდნენ კომუნისტი ხელისუფალნი: როდესაც არ შეეძლოთ პირდაპირ მოესპოთ მღვდლები, აიძულებდნენ მათ ერთი ადგილიდან მეორეზე გადასულიყვნენ და ვერ ისვენებდნენ, თუ სადმე სულიერი მოძღვრის გარშემო კარგი მრევლი იკრიბებოდა. მაშინ სასწრაფოდ გადაჰყავდათ მღვდელი სხვა ადგილას, სადაც მას არავინ იცნობდა - ასეთი ხერხებით ცდილობდნენ ეკლესიის დანგრევას.

ყოველივე ზემოთქმულის გარდა, ეკლესიაში არსებობს აგრეთვე მტკიცე გადმოცემა, წესი: - მორწმუნემ არ უნდა შეიცვალოს სულიერი მოძღვარი რაიმე უკიდურესი აუცილებლობის გარდა, არამედ ყოველთვის ერთსა და იმავე ადამიანს ჰკითხოს რჩევა-დარიგება და მეცხოველეობის სფეროსაგან განსხვავებით, სწორედ ეკლესიაშია მიღებული, რომ სულიერი “ცხვარი” თვითონ ირჩევს მწყემსს. ყოველმა ცოტად თუ ბევრად გამოცდილმა მოძღვარმა იცის, თუ როგორ უჭირს დღეს ადამიანს პირველი აღსარების თქმა, გულის სიღრმეში დაგროვილი ცოდვების ხმამაღლა აღიარება. ხშირად კაცი წლების მანძილზე ორჭოფობს, უჭირს საამისო გამბედაობის მოკრება, ხან ერთ მღვდელს აკვირდება, ხან მეორეს, სანამ თავისი დაწყლულებული სულის გაშიშვლებას გადაწყვეტდეს. მას შემდეგ კი, რაც ბოლოს და ბოლოს ამ მახინჯ სიშიშვლეს სააშკარაოზე გამოიტანს, მოძღვარსა და სულიერ შვილს შორის განსაკუთრებული სახის გულწრფელი ურთიერთობა წარმოიშობა. უმეტეს შემთხვევაში ადამიანი ვერ შეძლებს ხელახლა აღიაროს თავისი სულის სნეულებები ახალ-ახალი მოძღვრების წინაშე. მაგრამ თუკი ახალ მოძღვარს არ ეცოდინება ამ ადამიანის წარსული ცხოვრება, მისი დაცემები და აღდგინებები, მაშინ ცხონების გზაზე როგორღა გაუძღვება? საეკლესიო ტრადიციით, აკრძალვას, ეპიტიმიას ან ლოცვით კანონს, რომელიც კაცს ერთმა მოძღვარმა დაადო, მეორე ვერც ახსნის და ვერც შეცვლის. მაშ, როგორ მოვიქცეთ იმ შემთხვევაში, როდესაც მორწმუნეს ყოველ ორ-სამ თვეში უხდება მოძღვრის გამოცვლა? რომელმა ჩვენგანმა არ იცის (ან წინათგრძნობით მაინც ვერ ხვდება), რომ სულიერი მოძღვრის გამოცვლა არის დიდი ტრაგედია, ხანგრძლივი ავადმყოფობა, რომელიც უმტკივნეულოდ არ ჩაივლის და მრავალ წყლულს დაამჩნევს სულს?

“მღვდელმსახურის სამაგიდო წიგნში”, თავში “მოძღვრობისათვის”, არის ასეთი შენიშვნა: “აღსარება აახლოებს, ანათესავებს მოძღვარს სულიერ შვილებთან. რა გასაგები ხდება აქედან ისეთი სახელწოდებები, როგორიცაა “სულიერი მამა”, “სულიერი შვილები”! როგორც მოყვარული შვილი ეყრდნობა მძიმე წუთებში დედის მკერდს და მზად არის გულახდილად, უშიშრად გაანდოს თავისი გულისნადები, ასევე არიან სულიერი შვილებიც - ისინი არაფერს უმალავენ სულიერ მამებს და თამამად ანდობენ თავიანთ საიდუმლო აზრებს. და ხშირად სულიერი მამა უფრო ძვირფასი და ახლობელია, ვიდრე მშობელი დედ-მამა” (ტ.3, გვ.791).

წმ. ამბა დოროთე გვასწავლის: “და ვითარცა ვთსქუთ, ვითარმედ: ცხოვრება არს მრავლითაAგანზრახვითა. არათუ ესრეთ იტყვის, თუ ყოველთა კაცთა განაზრახვიდეს, არამედ მოძღვარსა თვისსა თანა ოდენ განაზრახვიდეს მას ყოვლისავე საქმისათვის, და უთხრობდეს მას, და აღუარებდეს ყოველთა გულის-სიტყვათა თვისთა” (საუბარი მეხუთე, საქ. ეკლ. კალენდ. 1991, გვ.383). წმ. თეოფანე დაყუდებული გვირჩევს: “ნუ გამოიცვლით მოძღვარს, თუნდაც ის სასიკვდილო სარეცელს იყოს მიჯაჭვული... მაინც შეიძლება მისთვის აღსარების თქმა” (წერილები,გამოც.1,წერ.50). წმ. ბარსანოფი ოპტინელი ამბობდა: “რჩევა-დარიგებისათვის ვინმე ერთს უნდა მიმართოთ. რასაც ახლა ვამბობ, ძალიან მნიშვნელოვანია - ნეტარია, ვისაც ეს ესმის”. იგი ამბობს, რომ როდესაც ადამიანი ხან ერთს ეკითხება რჩევას, ხან მეორეს, მაშინ “თითოეული თავისებურად ურჩევს და შემკითხველი იბნევა: აღარ იცის, როგორ მოიქცეს, ვის რჩევას მისდიოს. ამ დროს კი იმისთვის უნდა ეკითხა, ვისთანაც პირველად მივიდა...” (მღვდელმონაზონ ნიკონ ბელიაევის დღიურები, გვ.105, სანკტ-პეტერბურგი, 1994).

ეკლესიის მამები ასევე ბევრს ლაპარაკობენ სულიერი მოძღვრისადმი ერთგულების, პატივისცემის, სიყვარულის აუცილებლობაზე. ეს განსაკუთრებით მათ ეხებათ, ვინც იღვაწა ჩვენთვის, ვინც ქრისტიანულ ცხოვრებაში პირველი ნაბიჯების გადადგმაში დაგვეხმარა. “სული, რომელი შეკრულ იყოს სიყვარულსა მწყემსისასა სიყვარულისათვის ქრისტესისა და აღვსებულ იყოს სარწმუნოებითა მისა მიმართ, არა განეშოროს იგი მისგან სიკვდილამდე; და უფროისად უკუეთუ რგებულცა იყოს მისგან კურნებითა წყლულებათა მისთათა. არამედ იხსენებდეს მარადის სიტყვასა მას, ვითარმედ: “არცა ანგელოსთა, არცა ძალთა შემიძლონ ჩვენ განყენებად სიყვარულსა მას ქრისტესსა”. ხოლო რომელი არა ესრეთ მოყიდულ იყოს და შეკრულ და შემსჭვალულ სიყვარულსა მას, მე ვჰგონებ, თუ ცუდად და უსარგებლოდ არს ეგევითარისა მის ადგილსა მას ყოფაი, რამეთუ შეყოფილ არს შეცთომილსა და არა ჭეშმარიტსა მორჩილებასა”, - ნათქვამია წმ. იოანე სინას მთის მამასახლისის “კიბეში” (თავი 4, მუხ. 44, საქ. ეკლ. კალენდ. 1986წ., გვ.246). ყურადღება მივაქციოთ ბოლო სიტყვებს: გამოდის, რომ როდესაც მორწმუნე შინაგანად არ ენდობა მოძღვარს და მხოლოდ იძულებით ემორჩილება მას “შეცდომილი და არა ჭეშმარიტი მორჩილებით” (მხოლოდ იმისათვის, რომ მეამბოხედ და ეპარქიალური უფროსობის გადაწყვეტილებათა მოწინააღმდეგედ არ გამოჩნდეს), მაშინ ის “ცუდად” (ამაოდ) შრომობს. ამასვე ვკითხულობთ საღმრთო წერილშიც: “ყოველი, რომელი არა საწმუნოებით არს, იგი ცოდვა არს” (რომ. 14, 23). აქ წმ. პავლე მოციქული ამბობს, რომ სულერთია, ჭამს ადამიანი თუ მარხულობს, თუკი ის დარწმუნებულია, რომ ამას ღმერთისთვის იქმს, ეს არ არის ცოდვა, “ხოლო რომელი იგი ორგულებდეს, დაღაცათუ ჭამოს, და-ვე-სჯილ არს” (იქვე). ცხადია, აქ ლაპარაკია არა მარტო ჭამაზე, არამედ ყველაფერზე, რასაც ქრისტიანი აკეთებს. მაშასადამე, სულის მაცხოვნებელი მორჩილების საფუძველია მოძღვრისადმი ნდობა, იმის რწემენა, რომ მოძღვარი ამა სოფლის კაცობრივი სიბრძნით კი არა, ღმრთის ნებით მოქმედებს. ადამიანი ეკლესიაში იმისთვის კი არ მოდის, რომ უბრალოდ რაღაც კარგად ორგანიზებულ “სტრუქტურაში” აღმოჩნდეს და ხელისუფლების მორჩილება ისწავლოს. ეკლესიური მორჩილების მიზანი სწორედ ის არის, რომ მორწმუნე განმტკიცდეს ქმედით რწმენაში და შეძლოს საკუთარი ნების მოკვეთა უფლის ნების წინაშე - და არა ის, რომ კაცის ნების მონა გახდეს.

“ჭეშმარიტი მორჩილება არის ღმერთის, ერთადერთი ღმერთის მორჩილება. ის, ვისაც არ ძალუძს მარტო დაექვემდებაროს ამ მორჩილებას, დასახმარებლად მიმართავს სხვა ადამიანს, რომლისთვისაც ღმერთის მორჩილება უფრო ნაცნობი რამ არის...ხოლო თუ მოძღვარს უნდა, რომ კაცი მას ემორჩილებოდეს და არა ღმერთს, ის აღარ არის მოყვასის ხელმძღვანელობის ღირსი! ის უკვე უფლის კი არა, ეშმაკის მონა, მისი იარაღი და მისივე მახე ხდება! “ნუ იქმნებით მონა კაცთა” (1 კორ. 7, 23), - წერს წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (წერილები სხვადასხვა პირთა მიმართ, წერილი 90-ე).

მაშასადამე, შეუძლებელია მორწმუნე ქრისტიანმა სწორი სულიერი ურთიერთობა ააგოს მოძღვართან და თავისი სარწმუნოების სრულყოფის გზას დაადგეს, თუ ისეთ სულიერ მოძღვარს არ მოძებნის, რომელსაც ნამდვილად ენდობა და რომლის რჩევასაც ისე მიიღებს, როგორც უფლის ნებას. ასე რომ, სიმკაცრით და ძალდატანებით შეიძლება მხოლოდ ეპისკოპოსისა თუ მღვდლისადმი მრევლის მონურ მორჩილებას მივაღწიოთ, მაგრამ სულის მარგებელ მორჩილებას კი - ვერასოდეს: “ყოველი, რომელი არა სარწმუნოებით არს, იგი ცოდვა არს”.

სამწუხაროდ, გაუგებრობა მაშინ იწყება, როდესაც მღვდელმთავარი “ფართოდ” აზროვნებს და არ ცდილობს ჩასწვდეს იმ სულიერი პრინციპების წვრილმანებსა და ნიუანსებს (ძიებას, ტანჯვას, განცდას), რომლებიც ყოველი ცალკეული მორწმუნის სულის სიღრმეში მიმდინარეობს. ასეთი მღვდელმთავარი მხოლოდ “ცხვრის ფარას” ხედავს, რომელმაც ვერ უნდა გაბედოს მიუთითოს მას, ვინ დაადგინოს მწყემსად და არც იმის უფლება აქვს, რომ იკითხო - სად გაქრა მწყემსი, რომელიც მას ასე შეუყვარდა. მისთვის მღვდელი უფრო ხშირად მხოლოდ მღვდელმოქმედების აღმასრულებელი, მშენებელი და მწყემსია, რომელიც ხან მინდორში გამორეკავს ფარას, ხანაც უკან, ფარეხში შელალავს; ზოგჯერ გალავანსა და სახურავსაც შეაკეთებს; იგი პარსავს ცხვრებს და ყურადღებით ადევნებს თვალყურს, რომ მათგან მატერიალური მოგებაც მიიღოს. მაგრამ ასე როდი უყურებს თავის მოძღვარს ყოველი ცალკეული “ცხვარი”: მოძღვარში იგი ეძებს არა უფროსს, არა მოურავს, მეტიც - არა უბრალოდ მღვდელს, რომელიც თავისი “სამსახურეობრივი მოვალეობის” კეთილსინდისიერი შემსრულებელია, არამედ სულიერ მამას, მზრუნველ ექიმს, რომელიც შეძლებს მისი შინაგანი ბრძოლის, გასაჭირის, სისუსტის გაგებას, მისცემს საჭირო რჩევას, განსაცდელის ჟამს შეეწევა, დაიცავს სულმოკლეობისაგან, მცირედმორწმუნეობისგან, წინ აღუდგება ცოდვისაკენ მის მიდრეკილებას. მორწმუნენი ხშირად დადიან ერთი ტაძრიდან მეორეში, შორეულ მხარეებშიც კი მიემგზავრებიან, რათა ჭეშმარიტ მოძღვართან თქვან აღსარება და მისი რჩევა-დარიგება მოისმინონ.

ნუთუ მართლა ყველა მოძღვარი თანასწორია, ყველას ერთნაირად ძალუძს მორწმუნეთა მოთხოვნილებების დაკმაყოფილება და არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, ვის ვეტყვით აღსარებას, ვის ვკითხავთ რჩევა-დარიგებას, ვის ავირჩევთ ჩვენს სულიერ წინამძღვრად? რა თქმა უნდა, ყველას გვწამს, რომ საღმრთო მადლი წმ. საიდუმლოებების მეშვეობით უღირსი მღვდლების საშუალებითაც გადმოგვეცემა (თუკი ისინი განყენებულნი არ არიან მსახურებისგან და მსახურებისას მღვდელმსა-ხურების დადგენილ წესს იცავენ). მაგრამ ჩვენთვის ხომ მღვდელი მხოლოდ საკურთხევლის მსახური არ არის - იგია მასწავლებელიც, დამრიგებელიც, ხელმძღვანელიც; მთელი ჩვენი სულიერი ცხოვრება მის სულიერ მიმართულებაზე, ცოდნაზე, გამოცდილებაზე, ზნეობრივ თვისებებზეა დამოკიდებული. წმ. სვიმეონ ახალი ღმრთისმეტყველი ამბობს: “მთელი გულმოდგინებით, მონდომებით და ყურადღებით, დიდი სიფრთხილითა და მრავალი ლოცვით უნდა ვეცადოთ, რომ ვინმე ხიბლში ჩავარდნილს ან მატყუარას არ გადავეყაროთ... არამედ შევიძინოთ ჭეშმარიტი და ღმრთისმოყვარე მოძღვარი, რომელსაც სულში ქრისტე ეყოლება და ზუსტად ეცოდინება წმ. მოციქულთა კანონები და წმ. მამათა დოგმატები, ანდა, უკეთ რომ ვთქვათ, ეცოდინება თვით მოციქულთა მოძღვრისა და მეუფის, იესო ქრისტეს ნება და საიდუმლონი... თუკი ვეძიებთ, ცხადია, ვპოვებთ კიდევაც”. და შემდეგ: “ ...თუ ღმრთის მადლითა და შეწევნით შეძლებ ასეთი მოძღვრის პოვნას, უდიდესი ყურადღება და უკიდურესი კეთილგანწყობა დაანახე მას, აგრეთვე ღრმა სიმდაბლე და მოწიწება, მაღალი პატივისცემა და სუფთა, უზაკველი რწმენა... რამეთუ ასეთებზე თქვა მაცხოვარმა და ღმერთმა ჩვენმა: “რომელმან შეგიწყნარნეს თქუენ, მე შემიწყნარა” (მათე, 10, 40), “და რომელმან თქვენ შეურაცხ-გყვეს, მე შეურაცხ-მყოფს” (ლუკა, 10, 16). ამრიგად, ასეთები უნდა მივიღოთ, როგორც თვით ქრისტე; რამეთუ ის პატივი, რომელსაც მათ აღვუვლენთ, თვით იესო ქრისტეს მიმართ არის აღვლენილი, უფალი ამას ღებულობს ისე, როგორც თვით მისდამი შეწირულს; და პირიქით: ის პატივი, რაც ცრუმოძღვართა მიმართ არის აღვლენილი, თვით ანტიქრისტეს მიმართ აღვლენილად ითვლება; და ვინც მათ შეიწყნარებს, თვით ეშმაკს შეიწყნარებს”. ამის შემდეგ წმ. სვიმეონ ახალი ღმრთისმეტყველი ამტკიცებს, რომ ჩვენ იმას არ უნდა ვიშველიებდეთ მიზეზად, რომ არ ძალგვიძს კეთილი მწყემსის ცრუ წინასწარმეტყველისგან გარჩევა, რადგან, მათ საქმეთა მიხედვით კარგათ შეგვიძლია გავიგოთ რომელი მოძღვარია ჭეშმარიტი, წმიდა და მართალი და რომელი არ არის ასეთი, არამედ მხოლოდ თავს გვაჩვენებს” (სიტყვა მე-11, “თხზულებანი”, ტ.1, გვ.98-104 მ. 1993). ამასვე გვასწავლის წმ. იოანე კიბისაღმწერელი: “რაჟამს გვეგულებოდეს უფლისა მიერ ქედთა თვისთა მოდრეკა (მორჩილების ქვეშ) გულისსიტყვითა სიმდაბლისა და საღმრთოსა ცხოვრებისათა, მაშინ პირველ შესვლისა ჩვენისა, უკეთუ იყოს ჩვენ თანა სიბრძნე რაიმე, და სიმახვილე გონებისა, გამოვიძიოთ და გამოვიკვლიოთ - და რაითა ესეცა ვსთქვა: გამოვსცადოთ წინამძღვარი იგი, რომელსა თანა შევიდოდეთ, რაითა არა მენავესა თანა, ვითარცა მენავეთ მოძღუარსა, და სნეულსა თანა, ვითარცა მკურნალსა, და ვნებულსა თანა, ვითარცა უვნებელსა მივიდეთ, და ზღვისა გულსა, ვითარცა ნავსადგურსა შევიდეთ, და ადრე ვპოვოთ დანთქმა” (თავი4, მუხ.10). წმ. თეოფანე დაყუდებული ამბობს: “ყოველთვის არსებობს საფრთხე, რომ ჭეშმარიტი მოძღვრის ნაცვლად ცრუს წააწყდები და სარგებლობის ნაცვლად ზიანს მიიღებ, ცხონების ნაცვლად კი წარწყმედას. გამოუცდელი მესაჭე მთელ ხომალდს ღუპავს... მოძღვრის ერთ სიტყვას: “იცხოვრე, როგორც ცხოვრობ”, ანდა “რას იმტვრევ თავს” - შეუძლია მთელი გულმოდგინება დაშრიტოს და საბრალო, ეს-ესაა ძლივს გამოფხიზლებული სული ისევ იმავეს (ძველ ცოდვებს) დაუბრუნოს” (“შინაგანი ცხოვრება, რჩეული სწავლებანი”, მ. 1998, გვ.109). ამიტომაც გვირჩევენ მამები, რომ მოვუფრთხილდეთ ჭეშმარიტ მოძღვრებს: “შეიძინე სულიერი მოძღვარი - დაბეჯითებით გვირჩევს წმ. სვიმეონ ახალი ღმრთისმეტყველი, - შეიძინე მასწავლებელი, შუამდგომელი და მეოხი ღმრთის წინაშე; შეუდექი მას რწმენით და სიყვარულით, შიშითა და სურვილით, იყავი მასთან, როგორც თვით იესო ქრისტესთან იქნებოდი, რათა მისი მეოხებით ქრისტესთან შეერთების ღირსი გახდე” (იქვე, გვ. 120).

ყოველივე ზემოთქმულიდან ცხადი ხდება, თუ რა რთული, მძიმე და ათასი ხიფათით სავსე გზა უნდა განვლოს სულმა, რათა სულიერი მოძღვარი მოიპოვოს, და როგორ “სიკვდილამდე” აღარ უნდა განეშოროს მას. მაშ რატომ გვასწავლის ეკლესიის ყოვლადუსამღვდელოესი მწყემსი, რომ უგულებელვყოთ მოძღვრისადმი ეს სიყვარული და მოწიწება? როგორც მისი ნათქვამიდან ჩანს, მორწმუნეებს ისე შეყვარებიათ თავიანთი სულიერი მამა, რომ უმისოდ ეკლესიური ცხოვრებაც კი ვერ წარმოუდგენიათ (“თუ მაგ მოძღვარს გადაიყვანთ, ჩვენ ეკლესიაში სიარულს შევწყვეტთ”), ეპისკოპოსი კი მრისხანეთ წყვეტს ამ კავშირს, როგორც რაღაც მძიმე ცოდვას და აკრძალულ სურვილს (“ჩემი პასუხი ასეთი იყო - ... ახლა ხვალიდან გადავა-მეთქი...”), მეუფის სიტყვებიდან ირკვევა, რომ ამ მრევლს გაუმართლა და სხვა მოძღვარი კიდევ უფრო უკეთესი აღმოჩნდა. მაგრამ ეპარქიის სხვა ადგილას ხომ სწორედ იმავე პერიოდში უკეთესი მღვდელი უარესით შეცვალეს. თვითონ მღვდელმთავარი აღიარებს, რომ ამ “ორომტრიალში” ბევრი შეიძლება ეკლესიისგან განვრდომილიც კი აღმოჩნდეს, მაგრამ გვასწავლის, რომ ესეც არაფრად ჩავაგდოთ: “ხარისხი მირჩევნია რაოდენობას”... რა საშინლად და სასტიკად ჟღერს ეს გამოთქმა, როდესაც საქმე ეხება არა ხის გადამამუშავებელ ცეხს ანდა ხორცკომბინატს - და არც ნამდვილ ცხვრებს - არამედ ადამიანებს, რომლებიც ეკლესიაში სულის საცხოვნებლად მოდიან! სულ სხვა რამეს გვასწავლის უფალი იესო ქრისტე იგავში კეთილი მწყემსის შესახებ! კეთილი მწყემსი ერთ გზააბნეულ ცხვარზეც კი ზრუნავს, არ ტოვებს გასაჭირში - ცხადია, აქ იგულისხმება სუსტი, დაუძლურებული ქრისტიანი, რომელიც მოწყინებისა და სულმოკლეობის სულით არის შეპყრობილი. უფალი “ტოვებს” ძლიერებსა და ჯანმრთელებს გალავნის შიგნით და იმ ერთი შეცთომილი “ცხოვარის” საძებრად მიდის. მეუფე ანტონი კი გვირჩევს, მკაცრი ღონისძიებების გატარებით შევარჩიოთ ყველაზე “ხარისხიანი” ცხვრები - ძლიერნი და ამტანნი. უფრო სწორად, განურჩეველნი თავიანთი სულიერი მოძღვრების მიმართ. ასეთებს იოლად გადააქვთ მღვდელმთავრის ექსპერიმენტები, მშვენივრად ურიგდებიან სულიერი მოძღვრის წართმევას, რომელთანაც არც რაიმე განსაკუთრებული სითბო და სიახლოვე აკავშირებთ. ისინი კი, ვინც მეტისმეტად “ფაქიზია”, ვისაც არ შეუძლია დღეს ერთ მღვდელს უთხრას აღსარება, ხვალ კი მეორეს, და არ სურს საყვარელ მოძღვართან დაშორება - ასეთი “უხარისხოები” დაე განვარდნენ ეკლესიისგან და საითაც უნდათ იქით წავიდნენ: “ვინც არ ცნობს იერარქიას, ძალით არავის მოჰყავს”. მაგრამ ბევრი მათგანი ხომ შესაძლოა ეკლესიაში დარჩენილიყო და ცხონებულიყო, ასეთი სასტიკი წყლული რომ არ მიეყენებინათ და არ წაერთმიათ საყვარელი მოძღვარი, რომელთან შეთვისებაც მათ უკვე მოასწრეს. გავიხსენოთ, რომ უფალი სასტიკად მოჰკითხავს მოძღვრებს ერთი წარწყმედილი სულისთვისაც კი! მეექვსე მსოფლიო კრების 102-ე კანონი გვასწავლის, რომ “ყოველი სიტყვაი ღმრთისაი და მწყემსობითი იგი ღმრთისა მიერ ხელთდებული თავრობაი შეცთომილსა ცხოვარსა მოაქცევს და ნაკბენითა გუელისათა მოწყლულსა განჰკურნევს და არცა კაპანსა შთაბნევად უტევებს სასოწარკვეთილებისა მიერ, არცა აღვირთა წარუყრის დახსნილად ცხორებისა და შეურაცხმყოფელობისა მიმართ, არამედ კეთილად უწყის ყოვლითავე სახითა ... დაყენებაი ვნებისაი” (დიდი სჯულისკანონი გვ.405).

მეუფის აღშფოთებას სხვა რამეც იწვევს: თურმე “მრევლმა ვერ გაიგო, რომ ის არის ცხვარი”, და “გამოდის, რომ ცხვარი ირჩევს მწყემსს”, მაგრამ ჩვენ უკვე ვნახეთ წმ. მამათა სწავლებათა საფუძველზე, რომ სულიერმა “ცხვარმა” არათუ სასურველია აირჩიოს თავისი მწყემსი, არამედ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იგი არ შეცდეს ამ არჩევანში, ცრუ ხელმძღვანელის გავლენის ქვეშ არ აღმოჩნდეს და მგლის ნადავლად არ იქცეს; ისიც გავიგეთ, რომ ცრუმოძღვრის მორჩილებაში ყოფნა თვითონ მოწაფესაც ქრისტეს კი არა, ანტიქრიტეს მსახურად ჰყოფს. ამას გარდა უძველესი და აწ უკვე მიტოვებული ტრადიციით მღვდელს (პირველ საუკუნეებში კი-ეპისკოპოსებსაც) ხალხი ირჩევდა. ასე მაგალითად, ეპისკოპოსისა და მღვდელმსახურთა ქიროტონიის დროს ხმამაღლა წარმოითქმის (დღეს კი გუნდი გალობს) სიტყვა “აქსიოს” (ღირსია). უწინ ამ სიტყვას სასულიერო პირები და მთელი ხალხი წარმოთქვამდა, რითაც ხმამაღლა ამოწმებდა თავის თანხმობას მათი უბიწო ცხოვრებისა და კეთილი ზნეობის შესახებ. ჯერ კიდევ წმ. კლიმენტი რომაელმა მოციქულთა სახელით (მოციქულთა დადგენილებები, წ. 8, თ. 4) დაადგინა კანონი ასეთი მოწმობის მოთხოვნის შესახებ: “ქიროტონიისას პირველმა ეპისკოპოსმა უნდა ჰკითხოს სამღვდელოებასა და ხალხს: ეს (ვინც მოელის ქიროტონიას) არის თუ არა ის, ვისი ხილვაც მათ სურთ თავიანთ წინამძღვრად? და როდესაც ისინი მასზე მიუთითებენ, მაშინ ეპისკოპოსმა კვლავ უნდა იკითხოს ყველას შეუძლია თუ არა დაადასტუროს, რომ იგი ღირსია ამ დიდი და სახელოვანი წინამძღვრობისა? შეასრულა თუ არა თავისი უშუალო მოვალეობები ღმრთის წინაშე? პატიოსნად ატარებდა თუ არა თავის ცხოვრებას?” და ა.შ. “როდესაც ყველა დაადასტურებს თავის მოწოდებას... , მაშინ მესამედაც უნდა იქნენ გამოკითხულნი... ხოლო როდესაც მესამედაც ყველა დაადასტურებს, რომ ის ღირსია, მაშინ ეპისკოპოსმა მათგან სიტყვიერი თანხმობა უნდა მოითხოვოს...” (იხ. “ახალი სჯულისფიცარი”, ნაწ. მე-3, § 20). აი, რა ისტორია აქვს იმ “აქსიოსს”, რომელიც ამჟამად მღვდლის კურთხევისას იგალობება. როგორც ვხედავთ, ხალხს კარგად უნდა სცნობოდა ხელდასხმისათვის გამზადებული პირი - მეტიც, ხალხის თანხმობის გარეშე ხელდასხმა ვერ შედგებოდა. იმ შემთხვევაში, თუ ხალხი არ არის თანახმა მღვდლის კანდიდატურაზე, მას შეუძლია წარმოთქვას “ანაქსიოს” (“უღირსია”). “მღვდელმსახურის სამაგიდო წიგნში” ნათქვამია: “ერისკაცთაგან ირჩევა სამღვდელო დასი. მათ შეუძლიათ წარუდგინონ ეპისკოპოსს კანდიდატი იერარქიულ ხარისხში ასაყვანად” (ტ.1, გვ.334). როგორც ვხედავთ, ეკლესიაში სულიერ ცხვრებს ყოველთვის შეეძლოთ არა მარტო არჩევა თავისი მოძღვრისა, არამედ მის ქიროტონიაში მონაწილეობაც! დღეს კი რა გამოდის: “აქსიოსს” ხშირად ისე წარმოთქვამენ ან გალობენ, მის მნიშვნელობაზე ვერავითარ პასუხისმგებლობას ვერ გრძნობენ. ამგვარად, მორწმუნეებს უკრძალავენ აინტერესებდეთ, ვის ეტყვიან ხვალ აღსარებას და ვინ უხელმძღვანელებს მათ ცხოვრებას - სწორედ ეს არის სინამდვილეში ეკლესიის ძველი ტრადიციის დარღვევა!

აუცილებელია იმ ზიანსაც შევეხოთ, რომელიც მეუფე ანტონის მეთოდმა მღვდლებს შეუძლია მიაყენის: მღვდელმთავარს მიაჩნია, რომ მათთვის სასარგებლო იქნება ერთი ადგილიდან მეორეზე გადასვლა. მაგრამ მღვდლებს ხომ ოჯახები ჰყავთ - მეუღლე, შვილები. როგორ მოქმედებს მათზე ოჯახის მამის განუწყვეტელი სიარული შორეულ მივლინებებში, ეპარქიის ხან ერთ, ხან მეორე კუთხეში? მღვდელი იძულებულია ან დიდი ხნით მიატოვოს ოჯახი, ან ყოველდღე უზარმაზარ მანძილზე იაროს, ანდა თავის სამწყსოსთან დაჰყოს მცირე დრო. ნუთუ ყოველივე ეს უმნიშვნელო წვრილმანია? თუ ოჯახური მოვალეობანი არც ისე არსებითია მათთვის, ვინც თავი ეკლესიის მსახურებას შესწირა? იქნებ ოჯახმა თავი უნდა გაწიროს წმიდა საქმისათვის? მაგრამ გამოცდილი მამები სხვაგვარად გვასწავლიდნენ. აი, ერთი მაგალითი:

ერთი ახალგაზრდა მღვდელი (ეს ხდებოდა XX საუკუნის დასაწყისში, რევოლუციამდე), რომელიც სულ ცოტა ხნის წინ დაქორწინდა, მღვდლად აკურთხეს და სამაზრო ქალაქის მუშათა რაიონში დანიშნეს. აქ მან ერთბაშად რთულ და საძნელო საქმეს - ტაძრის შენებას მიჰყო ხელი. მოძღვარი ენერგიულად მოეკიდა მშენებლობას და ისიც სწრაფად მიიწევდა წინ. თითქოს ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ ახალგაზრდა ქალისთვის პირიქით მოხდა. მისი მეუღლე თითქმის ყოველთვის იგვიანებდა სადილად. ქალი ღელავდა, დრტვინავდა, ცხოვრების აწეწვას უჩიოდა და ნელ-ნელა უწინდელი სიყვარულის ადგილი წყენამ დაიკავა. ოჯახი დანგრევის პირას იყო. მოძღვარი “წმიდა საქმით” იმართლებდა თავს, მაგრამ არაფერმა გაჭრა და ცოლ-ქმარს შორის უსიამოვნება დაიწყო, ბოლოს და ბოლოს ცოლმა მოითხოვა: “თუ ცხოვრების წესს არ შეიცვლი, მაშინ მე მშობლებთან დავბრუნდები”. ქმარმა აღარ იცოდა, რა ექნა, როგორ მოქცეულიყო და სთხოვა მეგობარს (მომავალ მიტროპოლიტ ბენიამინ ფედჩენკოვს) რომელიც ოპტას უდაბნოში მიდიოდა, რომ იქაური მამებისგან შეეტყო, როგორ შეიძლებოდა ამ პრობლემის გადაჭრა. მეგობარმა ამ შეკითხვით წმიდა ბერს - ანატოლის (ხსენება 30 ივლისს) მიმართა. მან თავი გადაიქნია. მერე დაუყოვნებლივ დაუწყო ახსნა, რომ მღვდელმა ამ შემთხვევაში ცოლს უნდა დაუთმოს. “თორემ ყველაფერი ცუდად დამთავრდება, ცუდად”, დასძინა მან და მაშინვე მოიგონა შემთხვევა თავისი გამოცდილებიდან, თუ როგორ დაინგრა ოჯახი ასეთივე მიზეზის გამო. “რა თქმა უნდა, ტაძრის აშენებაც დიდი საქმეა, მაგრამ ოჯახური მშვიდობის შენარჩუნებაც ღმრთის წმიდა ბრძანებაა: ქმარს უნდა უყვარდეს თავისი ცოლი, როგორც თავისი თავი, მოციქულმა ცოლი ეკლესიას შეადარა (ეფეს. 5, 25-33). აი, რა მაღალი საქმეა ქორწინება, უნდა შეუთავსდეს ერთმანეთს ტაძარი და ოჯახური სიმშვიდე. მტერი კი - ეშმაკი ცდილობს სიკეთის საფარველქვეშ ზიანი მოგვაყენოს: ჩვენც უნდა მიუხვდეთ მზაკვრობას... ტაძრის მშენებლობა, ცხადია, კეთილი საქმეა, მაგრამ მას ფარულად ცუდმედიდობაც ერევა - დიახ, ერევა, ერევა... “ (მიტრ. ბენიამინ ფედჩენკოვი, “ღმრთის კაცები”, გვ.107-108, მ. 1997).

ამას გარდა, როგორც ვთქვით, გარემოს განუწყვეტელი ცვლა მღვდლისათვის შეიძლება ტრაგიკული აღმოჩნდეს, რადგან შინაგან სულიერ ცხოვრებაში, ლოცვაში, ღმრთისმსახურებაში ჩაღრმავება, გულისათვის თვალყურის დევნება, კითხვა მხოლოდ გარკვეული გარეგნული სტაბილურობისა და მუდმივობის პირობებშია შესაძლებელი, როდესაც გარეგნული მხარის ერთფეროვნება უკვე ჩვეული ფონია და დიდ გაფანტულობას არ იწვევს. ყველა ქრისტიანმა, ვინც სერიოზულ სულიერ ცხოვრებას ცდილობს, იცის, თუ როგორ უშლის ხელს გონების შემოკრებას გარემოს ცვლა. აი, რას ამბობს წმ. თეოფანე დაყუდებული ადგილის შეცვლის თაობაზე: “ვინც ერთ ადგილას ცხოვრობს, იმის კალაპოტში ჩამდგარი ცხოვრება წყნარად და მშვიდად მიედინება, მაგრამ თუ ეს შეჩვეული ადგილი დაკარგა, ყველაფერი ირევა. სულიერ ცხოვრებაშიც არსებობს ასეთი “თავის ადგილი”. ვინც ამ ადგილს ეჭიდება, იმას შიგნით ყველაფერი მშვიდად აქვს, ხოლო ვინც ადგილს სწყდება, მის სულში მაშინვე შფოთი იწყება - ყოველგვარ გარეგნულ შფოთზე უფრო საშინელი და დამღუპველი რამ” (“წერილები სხვადასხვა პირთა მიმართ”, წმ. 86, გვ.432).

მეუფე “სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ “ჯვარს ახსნის იმ მღვდელს, ვინც ხალხს შფოთისაკენ მოუწოდებს”, და განაგრძობს: “ნუთუ ასეთ მოძღვარს ღმერთის არ ეშინია? ცათა სასუფეველს ქადაგებს და საეჭვოა, რომ ასეთ კაცს სწამდეს ცათა სასუფეველის. წმიდა მამების ნააზრევს თვითონ ასწავლის სხვებს, ამ დროს თავად უნდა წაიკითხოს მათი ცხოვრების შესახებ - იოანე ოქროპირმა ჩუმად დატოვა ასეთი ადგილი. ყველა მამა, რომელსაც ისინი ქადაგებენ ასე იქცეოდა. სჯულისკანონში პირდაპირ წერია, რომ მოძღვარს, რომელსაც მრევლი არ ემორჩილება, ჯვარი უნდა აეხსნას იმიტომ, რომ მას ვერ გაუზრდია თავისი სამწყსო...”

მთელ ამ მონაკვეთში ჩანს, რომ “შფოთსა” და “დაუმორჩილებლობაში” მეუფე გულისხმობს იმ შემთხვევებს, როდესაც მრევლი დაჟინებით (ანდა ცრემლით) ევედრება მეუფეს, რომ არ წაართვას მღვდელი, რომელიც მას უყვარს და რომელთანაც ღრმა სულიერი ძაფები აკავშირებს. წმიდათა ცხოვრებებიდან, პატერიკონებიდან ვიცით, რომ ხშირად სწორედ ნამდვილი, თავის მოძღვრისადმი სულითა და გულით ერთგული მორჩილები აცხადებდნენ “დაუმორჩილებლობას”, როდესაც მათი მოძღვარი ან თავისი ნებით, ან ვისიმე ძალდატანებით აპირებდა მათ მიტოვებას. ისეთი მაგალითებიც კი ვიცით, როდესაც მოწაფე პირდაპირი მნიშვნელობით წინ ეღობებოდა მოძღვარს, როდესაც ეს უკანასკნელი წასვლას აპირებდა, და აიძულებდა დარჩენილიყო. ასე მაგალითად, ამბა პაფნუტი ხუცესი, დიდი კინოვიის იღუმენი, ორჯერ გაიქცა თავისი მონასტრიდან, რადგან კაცთაგან ქებისა ეშინოდა, მაგრამ ორჯერვე იპოვეს ძმებმა და აიძულეს დაბრუნებულიყო (იხ. იოანე - კასიანე რომაელი, მე-20 საუბარი). ისეთი მაგალითებიც ვიცით, თუ რა თავგამოდებით იბრძოდა მრევლი იმისათვის, რომ მათი მოძღვარი სხვაგან არ გადაეყვანათ - და ამ მაგალითებს შორის საუკეთესო სწორედ წმ. იოანე ოქროპირის ცხოვრებაა!

როდესაც წმიდანი ჯერ კიდევ მღვდელი იყო ანტიოქიაში, იმპერატორმა არკადიმ მოისურვა, რომ იგი კონსტანტინეპოლში ჩასულიყო კონსტანტინეპოლის მთავარეპისკოპოსის ხარისხის მისაღებად. როგორც წმ. იოანე ოქროპირის ცხოვრებაში ვკითხულობთ, “ანტიოქია ღრმა მწუხარებამ მოიცვა - ხალხს არასგზით არ სურდა საყვარელ მოძღვართან განშორება. ყველა ანტიოქიის დიდ ტაძარში შეიკრიბა და, პატრიარქის შეგონებების მიუხედავად, არ ანებებდა მეფის წარგზავნილებს წმ. იოანეს წაყვანას. არც თვითონ წმ. იოანე ოქროპირს სურდა გამგზარება თავისი სიმდაბლის გამო... ეს რომ შეიტყო, მეფე გაოცდა და კიდევ უფრო მეტად მოუნდა, რომ წმ. იოანე კონსტანტინეპოლის პატრიარქის ტახტზე ეხილა. მან ბრძანა ფარულად გამოეპარებინათ წმ. იოანე ანტიოქიიდან”. სხვა დროს, როდესაც წმ. იოანე ოქროპირი უკვე პატრიარქი იყო, მას თვით დედოფალი ევდოქსია აუმხედრდა, წმიდანის მტრებს შორის იყო აგრეთვე ალექსანდრიის უსჯულო პატრიარქი თეოფილე და რამდენიმე ეპისკოპოსი. მათ კრება მოიწვიეს და მსჯავრი დასდეს წმ. იოანეს, მერე კი იმპერატორიც გადაიბირეს, რომელმაც წმიდანის გაძევება ბრძანა. წმიდანის ცხოვრების მიხედვით, “ამ ამბის გაგებისთანავე ხალხი მრისხანებამ შეიპყრო. უამრავი ადამიანი გარს შემოერტყა ეკლესიას და სამი დღის მანძილზე არავის აძლევდა წმინდანის შეხების უფლებას; ამასთან, ხმამაღლა დრტვინავდნენ მეფე-დედოფლისა და პატრიარქ თეოფილეს წინააღმდეგ. მაგრამ წმ. იოანეს არ უნდოდა, რომ მისთვის ახალი ბრალდება წაეყენებინათ - თითქოს იგი მეფის ბრძანებას არ ემორჩილებოდა, ამიტომ საღამოს ჩუმათ გაიპარა ეკლესიიდან და ჯარისკაცებს ჩაბარდა... ხალხში დიდი მღელვარება ატყდა, რომლის დროსაც ბევრი მოკლეს და ბევრი დაიჭრა. უკმაყოფილოთა შორის ისეთებიც იყვნენ, ვინც პატრიარქ თეოფილეს ჩაქოლვას მოითხოვდა...”. ამის შემდეგ კონსტანტინეპოლში დიდი მიწისძვრა მოხდა, დედოფალმა ეს ზეციური შურისგების ნიშნად მიიღო და შეშინდა. მისი თხოვნით პატრიარქი იოანე მაშინვე თავის ტახტზე დააბრუნეს. მაგრამ წმიდანის მტრები არ ისვენებდნენ და მალე წმ. იოანეს კვლავ გადასცეს მეფის ბრძანება, რომელიც მისგან გადასახლებაში გამგზავრებას მოითხოვდა. ერთ-ერთმა დიდებულმა ურჩია მღვდელმთავარს, ფარულად გასცლოდა ქალაქს, რათა ხალხის მღელვარება და სისხლისღვრა აეცილებინა თავიდან (იხ. დიმიტრი როსტოველი, წმიდანთა ცხოვრებანი, 13 ნოემბერი).

ამრიგად, ამ შემთხვევებიდან კარგად ჩანს, რომ ოქროპირს არ შეეძლო მრევლისათვის პროტესტის გამოხატვა აეკრძალა, თორემ ჩუმად კი არ გაიპარებოდა, მორჩილების მოთხოვნის უფლებას გამოიყენებდა. ჩვენი მეუფის საზომით თუ მიუდგებით, წმ. იოანე ოქროპირს თავისი სამწყსო კარგად ვერ გაუზრდია და მორჩილება ვერ უსწავლებია?! გამოდის, რომ წმ. იოანე ოქროპირი ჯვრის ახსნას იმსახურებდა? მაგრამ ზუსტად ოქროპირის მსგავსად იქცეოდა მრავალი სხვა წმიდა მამაც - კერძოდ, ფარულად უგდებდნენ ხოლმე თავს მტერს ხელში, სხვაგვარად მრევლი არ დაემორჩილებოდა და არავითარ შემთხვევაში არ დათანხმდებოდა გულხელდაკრეფილი მჯდარიყო, როდესაც მას მოძღვარს სტაცებდნენ.

აი, კიდევ რას ამბობს მეუფე: “ერთი კითხვა ისმება - ვინ დაგიდგინათ ეს მღვდელი თავის დროზე, ეს კერპთაყვანისცემაა, ისევე, როგორც ღმერთმა შექმნა მზე და მთვარე და მერე მათ სცემდნენ თაყვანს და არა უფალს. ასევე, ვინც დაგიდგინა, იმას კი არ სცემ პატივს, არამედ დადგინებულს. ასე კი კერპთაყვანისმცემელი ხარ”.

ამჯერად მეუფე ორ სხვადასხვა ცნებას ურევს ერთმანეთში: იერარქიულ ხარისხსა და სულიერ მოძღვრობას. ერთი სახის თაყვანისცემას მივაგებთ საეკლესიო ხარისხს და სხვა სახის პატივისცემას, თაყვანისცემასა და სიყვარულს - სულიერ მამას, ადამიანს, რომელსაც უშუალოდ მივყავართ ხელჩაკიდებულნი, სულიერ საკვებს გვაძლევს, ზრუნავს და წუხს ჩვენი სულებისათვის. ჩვეულებრივ, თავის მღვდელმთავარს მრევლი მხოლოდ შორიდან იცნობს, სულიერ მოძღვართან კი ძალიან ახლო ურთიერთობას ამყარებს - ხშირად ეს ურთიერთობა უფრო ახლობლურია, ვიდრე მშობელ დედ-მამასთან. ხოლო იმაში, რომ მოძღვრისადმი გულწრფელი სიყვარული მორწმუნეს თვით ქრტისტეს სიყვარულად შეერაცხება, უკვე დავრწმუნდით წმ. სვიმეონის სიტყვებიდან: “ის პატივი, რომელსაც მათ აღვუვლენთ, თვით იესო ქრისტეს მიმართ არის აღვლენილი” - ასე, რომ, ეს არაფრით არ იქნება “კერპთაყვანისცემა” (თუკი, იმავე წმ. სვიმეონის თქმით, ცრუმოძღვარს არ დავემორჩილებით). ხშირად მორწმუნეები სულიერი მოძღვრის, ჭეშმარიტი მწყემსის საპოვნელად შორეულ ადგილებში ან უცხო ქვეყნებშიც კი მიემგზავრებიან და თუ სულიერი ცხოვრების ნამდვილ წინამძღვარს პოვებენ, ძალიან უფრთხილდებიან მას - ეკლესიის ისტორიამ ამის უამრავი მაგალითი იცის. თუმცა ეს ხელს არ უშლიდა მორწმუნეებს თავის მღვდელმთავართა პატივისცემაში. წმ. ანტონი დიდი და წმ. მაქსიმე აღმსარებელი უბრალო მონაზვნები იყვნენ, სამღვდელო ხარისხის გარეშე, წმიდა იოანე კრონშტადტელი საერო მღვდელი იყო, მაგრამ თავმდაბლობამ, სიწმინდემ, კაცთმოყვარეობამ და თავგანწირვამ ისინი სიბრძნის ჭურჭლებად და უამრავი ადამიანის მოძღვრებად აქცია. ისინი და მათი მსგავსი წმიდა მამები, ქრისტეს სწავლების ერთგულებითა და ღმრთის შიშით შემოსილი ჭეშმარიტი მოძღვრები და მწყემსები, ცხონების გზაზე მიუძღოდნენ და დღესაც მიუძღვიან როგორც ერისკაცებს, ასევე მღვდლებსა და მღვდელმთავრებს.

მეუფე ამასაც ამბობს: “ეკლესია არ არის დემოკრატია, ეკლესია იერარქიაა...”, “ეკლესია სტრუქტურაა” და ა.შ. როგორც ჩანს, მას მხედველობაში აქვს, რომ ეკლესიას ხალხი კი არა, მღვდელმთავარი მართავს, და ეკლესიაში იერარქიული მორჩილების მკაფიოდ ჩამოყალიბებული სისტემა არსებობს. მაგრამ ეკლესიის ჭეშმარიტი თავი თვით იესო ქრისტეა, და თუმცა საეკლესიო მმართველობა “ხილულად მოძღვრებს აქვთ ჩაბარებული, მაგრამ უხილავად უფალშია თავმოყრილი, როგორც “არაამსოფლიურ მეუფესა” (იოანე. 18, 36) და “მწყემსმთავარში” (1 პეტ. 5, 4) (იხ. მიტრ. მაკარის “დოგმატური ღმრთისმეტყველება”, ტ.2, გვ.232). მღვდელმთავარი ამ ხელისუფლების ხატია, მაგრამ ეს იმას როდი ნიშნავს, რომ ეს ხატი ყოველთვის და ყველაფერში შეეფერება თავის იდეალს. თუკი ადამიანი, რომელიც ეპისკოპოსის ხარისხშია აყვანილი, არაფრად აგდებს ქრისტეს მოძღვრებისა და ეკლესიის წმიდა მამების მორჩილებას, შესაძლოა ქრისტიანობისგან ერთობ შორს მდგომი სწავლების ქადაგებაც წამოიწყოს და ასევე შეუფერებლადაც მოიქცეს. თავისთავად ქიროტონიას, რაც არ უნდა უხვად ანიჭებდეს იგი ადამიანს სულიწმიდისეულ ნიჭებს, არ ძალუძს მის სულზე მოახდინოს ზემოქმედება თვითონ ადამიანის თანაგრძნობის, გულის სიმდაბლის გარეშე, თუ იგი არ ებრძვის თავისნებობას და ამპარტავნებას. ეკლესია არასოდეს მიაწერდა მღვდელმთავრებს უცდომელობას სიტყვაში, ეკლესიის შვილთაგან კი ბრმა მორჩილებას არ მოითხოვდა. პირიქით, ეკლესიის ისტორიამ უამრავი შემთხვევა იცის, როდესაც მღვდელმთავრებმა უარყვეს ჭეშმარიტება, უბრალო ერისკაცები კი ხელშეუხებლად იცავდნენ მას. ამის უამრავი მაგალითის მოყვანა შეიძლებოდა, მაგრამ მოდით, ერთი მათგანი ვიკმაროთ მაქსიმე აღმსარებლის ცხოვრებიდან:

ისტორიკოსებმა დაადგინეს, რომ ლატერანის კრებაზე (649 წ.), რომელმაც პირველად ამხილა მონოთელიტობის მწვალებლობა, 105 ეპისკოპოსი და 36 მონაზონი მონაწილეობდა. მონაზვნები “კულისებს მიღმა” რჩებოდნენ, მაგრამ სწორედ ისინი განაპირობებდნენ კრების გადაწყვეტილებებს და, მეტიც, როგორც დღეს დამტკიცდა, ისინი იყვნენ კრების საქმეთა ავტორები, რამეთუ გადაწყვეტილებათა ძირითადი ნაწილი ჯერ კიდევ კრებამდე იყო მიღებული - კრებამ მხოლოდ სანქცია მისცა მათ. მთავარ როლს აქ ღირსი მაქსიმე აღმსარებელი ასრულებდა და ამიტომ ლატერანის კრების საქმენი მის საღმრთისმეტყველო შრომად შეგვიძლია მივიჩნიოთ. ისტორიკოსები წერდნენ: “იმ დროს ბიზანტიაში ორი საეკლესიო პარტიის ოპოზიცია არსებობდა: “ზილოტების” ანუ “რიგორისტების” და “პოლიტიკოსების” ანუ “იკონომისტების”. პირველები ყველა კანონის განუხრელ და ზუსტ შესრულებას მოითხოვდნენ, მეორენი კი შესაძლებლად მიიჩნევდნენ მათ შემსუბუქებას “ეკლესიის სარგებლობისათვის”. “რიგორისტული” მიმართულება ძირითადად მონაზვნებით იყო წარმოდგენილი, “იკონომიური” კი - უმაღლესი იერარქიით. პარტიების ბრძოლაში ბევრად უფრო ხშირად “პოლიტიკოსები” სჯობნიდნენ “ზილოტებს” და “იკონომიაც” ბევრ რამეში ამარცხებდა “აკრიბიას”. ეს ბრძოლა უმეტესად კანონიკურ და ზნეობრივ-ეთიკუს სფეროში მიმდინარეობდა, მაგრამ დოგმატიკასთანაც აკავშირებდა თითქმის უხილავი ძაფები... ბიზანტიაში უმაღლესი საეკლესიო იერარქია ერთგვარი “ბუფერის” როლს ასრულებდა ეკლესიასა და სახელმწიფოს (და საერთოდ, გარე სამყაროს) შორის, იგი თავის თავზე ღებულობდა “ამა სოფლის” მძლავრ დარტყმებს, არბილებდა მათ ძალას და შესაძლებელს ხდიდა ეკლესიის ამსოფლიურ ცხოვრებას. მაგრამ სწორედ ამიტომაც უმაღლეს იერარქიას ყველაზე მეტად ეხებოდა გამიწიერების პროცესი... ამის შედეგად “იკონომიის” პრინციპი ხშირად არა მარტო კანონიკის, არამედ დოგმატიკის სფეროზეც ვრცელდებოდა... ღირსი მაქსიმე - სნეული, ათასგვარი წამებით, დევნით, გადასახლებებით დატანჯული ბერი - “სარწმუნოების მართალი და მაცხოვნებელი აღსარების” პრინციპულ პოზიციაზე დგომამ მართლმადიდებლობის წინამძღოლად აქცია. მისი სახით ქრისტეს მოძღვრებაში სიახლეების შემოტანის წინააღმდეგ განწყობილი ოპოზიცია (მონაზვნებისა და უბრალო მართლმადიდებელი ერის მხრიდან) შეებრძოლა ტენდენციას, რომელიც ცდილობდა იძულებული გაეხადა ეკლესია მხოლოდ ამ ცოდვილი სოფლის კანონების მიხედვით ეცხოვრა. ეკლესიის არამიწიერ არსს ბიზანტიის ისტორიაში თითქმის ყოველთვის მონაზვნები იცავდნენ, ხოლო ვინაიდან ბიზანტიის ეკლესია არასოდეს ყოფილა “არისტოკრატიული”, არამედ ყოველთვის “სახალხო ეკლესია” იყო, ამიტომ მონაზვნებს ყოველთვის კვალში მისდევდა მორწმუნეთა ძირითადი მასა. სწორედ ისინი (“ბებიები”) და არა ქრისტიანული “ინტელექტუალური ელიტა”, რომელიც ხშირად იხრებოდა მწვალებლობისაკენ, განსაზღვრავდნენ ეკლესიის ისტორიის მთელ მიმდინარეობას” (იხ. ა.ი. სიდოროვი, “ღირისი მაქსიმე აღმსარებლის თხზულებანი”, წიგნი I, “ეპოქა, ცხოვრება, შეოქმედება”, გვ. 28, 57-58, მ. 1993).

ამავე მცნებას ვნახულობთ “ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის საზოგადო ეპისტოლეში ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანის მიმართ” (1848). “ჩვენთან ვერც პატრიარქები და ვერც კრებები ახალს ვერაფერს შემოიტანდნენ, რამეთუ ღმრთისმსახურების დამცველი არის თვითონ ეკლესიის სხეული, ანუ ხალხი, რომელსაც სურს თავისი სარწმუნოება უცვალებლად და წინაპართა სარწმუნოების თანახმად დაიცვას” (§ 17).

წმ. თეოფანე დაყუდებული ამბობს: “ჭეშმარიტების დაცვის წილი თვით ეკლესიას, ანუ ყველა მის წევრს აქვს მინდობილი, ძალა კი ასეთი დაცვისათვის ერთსულოვნებაშია - ცხოველ ერთსულოვნებაში: “აშკარაა, რომ ყოველი ადამიანი თავისი შესაძლებლობებისა და ძალების კვალობაზე უნდა შეუერთდეს ამ ერთსულოვნებას და დამკვიდრდეს მასში - გაიგოს ეს ყველგან, ყველას მიერ, ყოველთვის აღიარებული ჭეშმარიტებები და დაიცვას ისინი... ყოველი, ვინც იცის ქრისტიანული ჭეშმარიტება, მისი მცველი, მფარველი და შემნახველი ხდება. რაც უფრო მეტია ჭეშმარიტების მცოდნე, მით უფრო მეტად არის დაცული ეს ჭეშმარიტება და მით უფრო უსაფრთხოა მისი მდგომარეობა... კაცთა შორის” (“მართლმადიდებლობისათვის”, გვ. 120).

ამასვე ამტკიცებენ თანამედროვე ღმრთისმეტყველებიც (ვლ. ლოსკი): “ვინაიდან ეკლესია კათოლიკეა ყველა თავის ნაწილში, ამიტომ ყოველი მისი წევრი - არა მარტო სასულიერო პირი, არამედ ერისკაციც - მოწოდებულია აღიაროს და დაიცვას ჭეშმარიტება, წინ აღუდგეს თვით ეპისკოპოსებსაც, თუკი ისინი მწვალებლობაში ვარდებიან. ქრისტიანს, რომელმაც სული წმიდის მადლი მიიღო მირონცხების საიდუმლოთი, შეუძლებელია გაუცნობიერებელი სარწმუნოება ჰქონდეს. იგი ყოველთვის პასუხს აგებს ეკლესიისთვის. აქედან მოდის ეკლესიის ცხოვრების დროდადრო მშფოთვარე და მღელვარე ხასიათი, ესოდენ დამახასიათებელი ბიზანტიისთვის, რუსეთისთვის და სხვა მართლმადიდებელი ქვეყნებისთვის. მაგრამ ეს რელიგიური სიცოცხლისუნარიანობის, ინტენსიური სულიერი ცხოვრების ნიშნებია, რომლებიც ღრმად განმსჭვალავს მთელ მორწმუნე ერს, გაერთიანებულს იმის შეგნებით, რომ იგი ქმნის ერთ სხეულს საეკლესიო იერარქიასთან ერთად” (“მისტიკური ღმრთისმეტყველების ნარკვევი”, თავი 1).

აქედან ცხადია, რომ ღმერთი სულიერ ცხოვართაგან ბრმა და შეუგნებელ მორჩილებას კი არ მოითხოვს, არამედ გაცნობიერებულ, სულიერ ერთსულოვნებას და ერთმორწმუნეობას თავის მწყემსებთან. მღვდელმთავრების მორჩილება ეკლესიაში უდავო პირობა კი არ არის, არამედ - შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მღვდელმთავარი ყველა მორწმუნესთან ერთსულოვან თანხმობაშია, მკაცრად ემორჩილება ქრისტეს მოძღვრებას, ეკლესიის მამების სწავლებას, თავისებურად არ განმარტავს კანონებს, წესებს, ეკლესიის გარდამოცემას, არ შემოაქვს სიახლეები, არ არღვევს სულიერი ცხოვრების კანონებს, რომლებიც ეკლესიის პრაქტიკაში ძველთაგანვეა დანერგილი. როგორც დავრწმუნდით, კანონიკური სიახლეებიც არანაკლებ დაუშვებელია, ვიდრე დოგმატური დარღვევები, - რადგანაც ისინიც “თითქმის უხილავი ძაფებით არიან დაკავშირებულნი დოგმატიკის სფეროსთან”.

ამგვარად, სულიერი ცხოვარნი ერთობ გონივრულად უნდა მიუდგნენ მორჩილების საკითხსაც. წმ. თეოფილაქტე ბულგარელი თავის განმარტებაში უფლის სიტყვებზე: “იყვენით უკუე მეცნიერ, ვითარცა გუელნი” (მათე, 10, 16) ამბობს: “უფალს სურს, რომ მისი მოწაფეები ბრძენებიც იყვნენ; რათა, როდესაც გაიგებ, რომ ქრისტიანები ცხვრებთან არიან შედარებულნი, არ გეგონოს, რომ მათ ჭკუასუსტობა შეეფერებათ”. არავისთვის წარმოადგენს საიდუმლოს ის ამბავი, რომ დღეს სარწმუნოების საკითხები სულ უფრო ხშირად მახინჯდება, განმაახლებლურ განმარტებებს ღებულობს და, სამწუხაროდ, არც თუ იშვიათად ამას სწორედ ეკლესიის მღვდელმთავარნი სჩადიან. წმ. ეპისკ. ეგნატე ჯერ კიდევ XIX ს-ის შუა ხანებში შენიშნავდა, რომ ეკლესიის უმაღლეს იერარქიაში შემორჩა მხლოდ სარწმუნოების სუსტი, ბნელი, არეულ-დარეული, არასწორი, წიგნისმიერი (ფორმალური) გაგება, რომელიც კლავს ქრისტიანობას, ვინაიდან ქრისტიანობა არის საქმე და არა წიგნი” (წერილი 236).

დღეს ზოგიერთს ჰგონია, რომ მრევლის საქმე არ არის, რას და როგორ აკეთებს ეპისკოპოსი, როგორ ესმის ქრისტიანობა, რა ბრძანებებს იძლევა - ოღონდაც მწვალებლობას არ ქადაგებდეს და სხვა ყველაფერში მას უნდა დავემორჩილოთ. მაგრამ ძველი აღთქმის მღვდელმთავრები, რომლებიც ქრისტეს მოსვლის ჟამს ეკლესიის სათავეში იდგნენ, არავითარ მწვალებლობას არ ქადაგებდნენ, ისინი მთელ მოსეს სჯულს ამსოფლიურ პლანში განმარტავდნენ, მწიგნობრულად, მათთვის გაუგებარი რჩებოდა თვით სული საღმრთო წერილისა, სამაგიეროდ, კარგად იცოდნენ, რომ ღმრთის ერის წინამძღვარნი იყვნენ ამ სიტყვის ძალაუფლებისმოყვარე და ამპარტავნული გაგებით. მათ მიაჩნდათ, რომ ხალხი ბნელია და ვერ გაიგებს სჯულის მოძღვრებას, ამიტომ მისაგან ბრმა მორჩილებას მოითხოვდნენ. მასზე, ვინც ქრისტე იწამა, ისინი ამბობდნენ: “არამედ ერსა ამას, რომელმან არა იცის სჯული, წყეულ არიან” (იოანე. 7, 49). მაგრამ საკუთარი მღვდელმთავრებისადმი ასეთ ბრმა მორჩილებას ხომ შედეგად ღმრთის მკვლელობა მოჰყვა!

არა, წმ. მამები ასეთ მორჩილებას როდი გვასწავლიან! წმ. ბასილი დიდი ამბობს: “აუცილებელია ყოველი სიტყვა ან საქმე ღმრთივსულიერი წერილის მიხედვით შემოწმდეს, რათა კეთილი შევიწყნაროთ, ბოროტი კი განვაგდოთ”. “თუ მსმენელთა შორის ვინმე საღმრთო წერილში განსწავლულია, უნდა შეამოწმოს ის, რასაც მოძღვრები ეუბნებიან; და რაც ეთანხმება წერილს, მიიღოს, ხოლო რაც მისთვის უცხოა, უარყოს. იმ მოძღვრებს კი, რომლებიც დაჟინებით იცავენ ასეთ მცდარ სწავლებას, სრულიად უნდა განვეშოროთ” (“ზნეობრივი კანონები”, 2, 1; 72, 1. მოგვყავს ღირსი ნიკოდიმოს მთაწმინდელის წიგნიდან “ქრისტეს წმ. საიდუმოთა მუდმივი ზიარებისათვის”, გვ. 142-3, სუმი, 2001).

სამწუხაროდ, ჩვენს დროში სულ უფრო მახინჯდება წარმოდგენა ჭეშმარიტი ქრისტიანული მორჩილებისა და ქრისტიანული ხელმძღვანელობის შესახებ. როგორც ჩანს, მართლმადიდებლები სულ უფრო კარგავენ მართლმადიდებლობის სულს და ცდილობენ მის შეცვლას ამა სოფლის სულით, ამას კი იქამდე მივყავართ, რომ ეკლესია - ეს მისტიკური ღმერთკაცობრივი ორგანიზმი - სურთ შეცვალონ რაღაც კაცობრივი ორგანიზაციით, რომელსაც წესმთავრობის მკაცრად განსაზღვრული სტრუქტურა ექნება - რაღაც კათოლიკეთა მებრძოლი “ორდენის” მსგავსი. რამდენიმე სულ ახლახან მომხდარ მაგალითს მოვიყვანთ, რომელთა მოწმენიც ჩვენი ძმები იყვნენ:

ჩვენი ეკლესიის ერთ-ერთმა არქიმანდრიტმა იერარქთა ეკუმენისტური მიდრეკილებებით დაბრკოლებულ ბერებს ხმამაღლა განუცხადა: “მთავარი მორჩილებაა! თუ ეპისკოპოსი მორწმუნეს აკურთხებს, მაჰმადიანობა მიიღეო, უნდა მიიღოს, და ეს მას ცოდვად არ შეერაცხება!” სხვა შემთხვევაც იყო: მავან მღვდელს მრევლმა, რომელსაც სულიერ მოძღვარს ართმევდნენ - სხვაგან გადაჰყავდათ ვითომდა ტაძრის აღსადგენად - ჰკითხა: “რა უფრო მნიშვნელოვანია ღმრთის წინაშე, ტაძრის აღდგენა თუ თუნდაც ერთი სულის წარწყმედა მოძღვრის დაკარგვის გამო?” პასუხი ასეთი იყო: “კი მაგრამ, სახარებაში ხომ ნათქვანია, ღმრთის გულისათვის სული უნდა წარიწყმიდოო?” როდესაც გაოცებულმა მორწმუნეებმა ჰკითხეს, თქვენ როგორ გესმით ეს ადგილიო, მან მიუგო: “როგორ და, თუ მოძღვარი გაკურთხებთ, ჯოჯოხეთში ჩადიო უნდა ჩახვიდე” . . .

მესამე შემთხვევა: ერთი ეპისკოპოსი მონაზვნებს მორჩილების მნიშვნელობას უხსნიდა და ასეთი რამ უთხრა: “წმ. იოანე ოქროპირი ამბობს, ღმერთთან ერთად ჯოჯოხეთში ყოფნაც კი სასიხარულოაო. მე კი გეუბნებით: მე ისე მჯერა პატრიარქის, რომ მზად ვარ ჯოჯოხეთშიც კი ჩავყვე. მასთან ერთად ჩემთვის ჯოჯოხეთში ყოფნაც არ არის საშიში”.

საჭიროა კი იმის ახსნა, თუ რა საშინელი ცდომილება ჩანს ამ შემთხვევებიდან, როგორ ხდენა ღმერთის კაცით ჩანაცვლება და როგორ გადადის ადამიანზე ყველაფერი, რაც ღმერთს მიეკუთვნება? ყოველივე ეს ერთობ დამახასიათებელია რომის კათოლიკური ეკლესიისათვის, რომლისთვისაც უცხოა სული წმიდის მადლი. იქ ეკლესია გაგებულია, როგორც რაღაც დისციპლინირებული პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელშიც განუსჯელი მორჩილების კანონი ბატონობს; როგორც ერთგვარი არმია, ბრმად მორჩილი თავისი “უცთომელი თავისა”, რომლითაც ქრისტეა ჩანაცვლებული. საქმეც ის გახლავთ, რომ ჯოჯოხეთი არის ღმერთთან ერთად ყოფნის შესაძლებლობის მოსპობა. იოანე ოქროპირის სიტყვებში სწორედ ის იგულისხმება, რომ ქრისტიანის ცხოვრების მთავარი მიზნი სწორედ ღმერთთან ყოფნაა, და იმ ადამიანისთვის, ვინც განუყრელად ღმერთთან ერთად არის, თვით ჯოჯოხეთიც კი არ არის საშიში - იგი მისთვის არ არსებობს. ზემთხსენებულ მოძღვართა სიტყვებში კი სულ სხვა აზრი დევს: მზად იყავი განეშორო ღმერთს მოძღვრის მორჩილებისათვის. მაგრამ წმ. ეგნატეს თქმით, “ასეთი მოძღვარი არის ეშმაკის მსახური და მისი იარაღი”.

ამ კითხვას ზუსტად პასუხობს წმ. იუსტინე პოპოვიჩი თავის ნაშრომში “ქრისტიანული ცხოვრების საიდუმლო ეკლესიაში მდგომარეობს”: “როგორც ორგანიზმი და როგორც ორგანიზაცია ეკლესია არის უნიკალური მოვლენა ჩვენს ამქვეყნიურ ცხოვრებაში. როგორც ორგანიზმი, ის არის ღმერთკაცობრივი ორგანიზმი - თვით იესო ქრისტე სამარადისოდ. როგორც ორგანიზაცია, იგი ასევე ღმერთკაცობრივი ორგანიზაციაა - სასულიერო პირთა და ერისკაცთა, და ასევე მათთან არსებულ ამქვეყნიურ დაწესებულებათაგან შემდგარი. ამასთან, ღმერთკაცი ყოველთვის უმაღლესი ფასეულობა და საზომია, ეკლესიის ორგანიზაციის თავი, ხოლო იქ, სადაც მას, ღმერთკაცს კაცით ცვლიან, თუნდაც “უცოდველით” (მაგ. კათოლიციზმში), იქ ღმერთკაცობრივი ორგანიზაციის თავი მოკვეთილი აღმოჩნდება და ეკლესია იკარგება: ქრება ღმერთკაცობრივი სამოციქულო იერარქია, ამის შედეგად კი - სამოციქულო მემკვიდრეობითობა”.

მართლმადიდებელთათვის ეპისკოპოსი სრულიადაც არ არის “უცთომელი თავი”, მითუმეტეს არც “თავადი”, რომელიც თავის მონებისათვის მრისხანე ბატონია, არც ყმა გლეხების პატრონი და მემამულე, არც ჯარისკაცებისა და ოფიცრების მკაცრი გენერალი, არც ხელქვეითების უფროსი, არც იმ ორგანიზაციის “დირექტორი”, რომელიც დანგრეული ეკლესია-მონასტრების აღდგენას განაგებს. მართლმადიდებელთათვის ეპისკოპოსი არის ხატი ქრისტესი - კეთილი მწყემსისა, რომელიც გზადაბნეულ ცხვრებს დაეძებს და სიყვარულით ზრუნავს თავის შვილებზე. მაშ, რატომ არ სურს ეპისკოპოსს, ყურადღებით მოუსმინოს სულიერ შვილებს, შეიწყნაროს მათი თხოვნა, მოისმინოს, რა აწუხებთ, რატომ არ უნდა მათგან არავითარი შენიშვნებისა და შეცდომებზე მითითებების მიღება? მაგრამ საღმრთო წერილი და წმიდა მამები მწყემსმთავრის სულ სხვა სახეს გვიხატავენ. წმ. იპოლიტე რომაელი ამბობს: “ნურც ეპისკოპოსი აიმაღლებს თავს დიაკონთა და ხუცესთა წინაშე, ნურც ხუცესი - ხალხის წინაშე, რამეთუ ერთნიცა და მეორენიც ქრისტეს სხეულს შეადგენენ” (იხ. მიტრ. მაკარის “დოგმატური ღმრთისმეტყველება”, ტ.2, გვ.216). წმ. ბასილი დიდი წერს: “ვისაც სიტყვაში პირველობა ეკუთვნის, ყოველთვის დიდი სიფრთხილით და დაფიქრებით უნდა იქცეოდეს და ლაპარაკობდეს, მხოლოდ და მხოლოდ ღმრთის წინაშე სათნო-ყოფის მიზნით, რამეთუ ის მათი მხრიდანაც უნდა გამოიცადოს და სარწმუნოდ იქნეს აღიარებული, ვინც მის ხელმძღვანელობას არის მინდობილი” (“ზნეობრივი კანონები”, 70, 37).

წმ. პეტრე მოციქული მღვდელმთავარს ასე მიმართავს: “ხუცესთა მათ თქვენ შორის ვჰლოცავ... მწყსიდით თქვენ შორის სამწყსოსა მას ღმრთისასა. იღუწიდით ნუ იძულებით, არამედ ნებსით. ნუ საძაგელისა შეძინებით, არამედ გულს-მოდგინედ. ნუცა ვითარმცა ეუფლებოდეთ მნეთა მათ, არამედ სახე ექმნენით სამწყსოსა მას” (1 პეტრე, 5, 1-3). პავლე მოციქული გვიხსნის, როგორ უნდა იქცეოდეს მღვდელმთავარი: “მოხუცებულსა ნუ ჰრისხავ, არამედ ჰლოცეთ, ვითარაცა მამასა, ჭაბუკთა ვითარცა ძმათა, მოხუცებულთა დედათა, ვითარცა დედათა, ჭაბუკთა ვითარცა დათა, ქუვრივთა პატივ-ეც... რომელნი კეთილად ძღოდიან ხუცესნი, ორის ნაწილის პატივსა ღირს იყვნედ, უფროის ხოლო, რომელნი შურებოდიან სიტყვთა და მოძღვრებითა” (1 ტომ. 5, 1-3; 17). სულიერ ცხოვრებაში იმდენად ცხვრებს არ ევალებათ მწყემსის მსახურება (თავიანთი მატერიალური შესაწირავით) რამდენადაც მწყემსს - ცხვრებზე ზრუნვა და თავგანწირვა. ჭეშმარიტი მწყემსობის მაგალითი პირველ ყოვლისა თვით იესუ ქრისტემ მოგვცა თავისი ცხოვრებით. ჯვარზე სიკვდილის წინ ეკლესიის მოძღვართათვის საჩვენებლად მან ფეხი დაბანა თავის მოწაფეებს და თქვა: “ვინ არს უფროისი, რომელი ინახით-ზის, ანუ რომელი მსახურებს?... ხოლო მე ვარ შორის თქვენსა ვითარცა მსახური” (ლუკა, 22, 27), ასევე ეწოდება კიდევაც ყოველ მწყემსს - მღვდელმსახური: იგი ემსახურება როგორც ღმერთს, ისევე მრევლს. ომოფორი მღვდელმთავრის მხრებზე შეცთომილ ცხოვარს აღნიშნავს, რომელიც კეთილ მწყემსს ფრთხილად გამოჰყავს საშიში ადგილიდან. მორწმუნე ეკლესიაში მოდის არა ადამიანთან, არამედ ქრისტესთან, დიდებას აღუვლენს არა ბრწყინვალე სამოსელით შემოსილ ადამიანს, როემლიც შემაღლებულ ადგილას დგას, არამედ თვით ღმერთს, რომლის ხატიც არის ეკლესიის მწყემსი. ის გამოსახავს, ემორჩილება არა ადამიანურ თვითნებობას არამედ მოძღვრის სიტყვაში სული წმიდის მითითებას ეძიებს. და რამხელა ტრაგედიაა, როდესაც ამპარტავნებით, მთავრობისმოყვარეობითა და თავნებობით განმსჭვალული სოფლიდან ეკლესიში მოსული ადამიანი, რომელსაც სურს აქ ყოველ ადამიანში ჭეშმარიტების მსახური, მხოლოდ ღმერთის მაძიებელი დაინახოს, - აქაც იმავე მთავრობისმოყვარეობას და თვითნებობას აწყდება, ხედავს, რომ აქაც არა ღმრთის ნების არამედ “სული წმიდის ბრძანებებს” ამოფარებული კაცის ნების შესრულებას ჩააგონებენ, სინამდვილეში ქრისტეს სწავლებას რომ ეწინააღმდეგება. მაგრამ ეჭვისა და ამ სიტყვის უნდობლობის შემთხვევაში, მის მიმართ მხოლოდ მონური დაქვემდებარებით, იგი ვერ შეძლებს ღმერთს სათნო-ეყოს (“ყოველი, რომელი არა სარწმუნოებით არს, იგი ცოდვა არს” (რომ. 14, 23).

რა ულამაზოდ ჟღერს ქრისტიანი ეპისკოპოსის ბაგეებიდან ასეთი გამონათქვამები: “მე ასეთი ტაქტიკა მაქვს”, “მე ვღებულობ კარგ მოძღვარს”, “ჯვარს ავხსნი იმ მღვდელს”, “ყველა მოძღვარს ეტირებიან. მე კი ვამშვიდებ - ამასაც გაეტირებით, რომელიც ახლა მოგიყვანეთ-მეთქი”, “ამ მარხვაში სხვა ეკლესიაში გადახვალ, აღდგომის მარხვის შემდგომ კი უკან დაბრუნდები”, “ახლა ხვალიდან გადავა”, “იქ მჭირდებოდა მისი მსახურება” და სხვა.

წმ. მამები მკაცრად ამხილებდნენ წინამძღვრების ასეთ ტონს და ასეთ დამოკიდებულებას ხელქვეითთა მიმართ. მაგალითად, ერთხელ ოპტინელ მამა ლეონიდესთან (ოპტას სულიერ მოძღვართა სკოლის ფუძემდებელთან, ხსენება 11 ოქტ.) საუბარში ერთმა იღუმენმა სხვათაშორის ასეთი წინადადება თქვა: “ჩემთან ესა და ეს ძმა სამაგალითოდ ცხოვრობს”, ბერი უეცრად ფეხზე წამოიჭრა, პირჯვარი გამოისახა და წამოიძახა: “უფალო ღმერთო ჩემო, რა უგუნური ამპარტავნება ჩანს ამ უმნიშვნელი სიტყვებში! “ჩემთან!” “ჩემთან!” მონასტერი შენი არ არის... არც ძმები მოსულან შენთან, ისინი უფალ იესო ქრისტესთან მივიდნენ და მისგან ცხონება სწყურიათ. რაო, შენ ბრიგადირი ხარ და ესენი შენი დაქირავებული მუშები? ძმებზე უფროსობა გინდა? გინდა, რომ ისინი შენი ყმა გლეხები იყვნენ?... არა, ძმაო, მებატონისგან კარგი წინამძღვარი არ დადგება...!” (იხ. ბერ ლეონიდეს ცხოვრება, გვ. 265-6, ოპტას უდაბნო, 1994).

მეუფე ანტონი ინტერვიუში კიდევ ასეთ რამეს ამბობს: “მიწიერი ეკლესია მებრძოლია. მოზეიმე ზეციური ეკლესიაა. მე არ შემიძლია მებრძოლი სული დავაკარგვინო ეკლესიას. ამისთვის თავსა და სიცოცხლეს დავდებ. მიმტევებლობა მაშინაა საჭირო, როცა ამას იგებენ”.

მეუფის მთელი ემოციური სიტყვიდან არავინ ჩანს ისეთი, ვინც მღვდელმთავრის ასეთ აღშფოთებას და მრისხანე გამონათქვამებს იმსახურებს, გარდა “ურჩი” ცხვრებისა, რომლებსაც არ სურთ საყვარელ მწყემსებთან განშორება და მწყემსებისა, რომლებსაც არ ძალუძთ ასეთ შემთხვევაში თავიანთი მრევლის დაშოშმინება ანდა “ჩუმად გაპარვა”. ბოლო სიტყვები იმის შესახებ, რომ “მიმტევებლობა მაშინაა საჭირო, როცა ამას იგებენ”, კიდევ უფრო გვარწმუნებს, რომ მეუფე სწორედ მათ “ებრძვის” (სხვას ვის ეხება მთელი ეს საუბარი?). მაგრამ ნუთუ ჩვენს მიწიერ ეკლესიას იმიტომ ეწოდა მებრძოლი, რომ მღვდელმთავრებს არ ძალუძთ თავიანთ მრევლთან მშვიდობის დამყარება? მეუფე არაფერს ამბობს მართლმადიდებლობის დევნაზე წარმართთა ან უცხო კონფესიების აღმსარებელთა მხრიდან - მაშ, რომელ “თავის დადებაზეა” ლაპარაკი?

დიახ, ჩვენი ეკლესია “მებრძოლია”, მაგრამ “არა არს ბრძოლაი ჩვენი სისხლთა მიმართ და ხორცთა - (ანუ არა ადამიანების და, მით უმეტეს, ერთმანეთის მიმართ), - “არამედ მთავრობათა მიმართ და ხელმწიფებათა, სოფლის მპყრობელთა მიმართ ბნელისა მას საწუთროისათა, სულთა მიმართ უკეთურებისათა, რომელნი არიან ცასა ქვეშე” (ეფეს. 6, 12).

როგორც ამ სიტყვებიდან ვხედავთ, ბოროტ სულებსაც აქვთ თავისი “იერარქია”, მაშასადამე, თავისი “მკაცრი მორჩილებაც”, აქვთ თავისი ეკლესიაც - “სატანის ეკლესია”. ასე რომ, ქრისტიანულ ცხოვრებაში მთავარი არა მხოლოდ წესმთავრობა, სტრუქტურა და იერარქიული მორჩილებაა, არამედ ცოდვასთან, ჯოჯოხეთთან, ამპარტავნებასა და მთავრობისმოყვარეობასთან ბრძოლაა. ასე გვასწავლის მართლმადიდებლური სარწმუნოება: “მიზანი, რომლისთვისაც უფალმა თავისი ეკლესია დააარსა, არის ცოდვილ ადამიანთა განწმენდა, ამის შემდეგ კი მათი ღმერთთან შეერთება” (მიტრ. მაკარის “დოგმატური ღმრთისმეტყველება”, ტ.2, გვ.203). სწორედ იმისთვის, რათა “მივიწინეთ ყოველნი ერთობასა სარწმუნოებისასა და მეცნიერებისასა ძისა ღმრთისასა მამაკაცად სრულად, საზომად ჰასაკისა სავსებისა მის ქრისტესისა; რაითა არღარა ვიყვნეთ ყრმა ჩჩვლ, ღელვა-აღტეხილ და მიმოტაცებულ ყოველსა მას ქარსა მოძღვრებისასა სივერაგითა კაცთაითა და ზაკულებითა მანქანებისა მის მიმართ საცთურებისა, არამედ ჭეშმარიტად ვიყვნეთ სიყვარულსა ზედა და აღვაორძინებდეთ მისა მიმართ ყოველსა, რომელ არს თავ მისა ქრისტე” (ეფეს. 4, 13-15).

დიახაც, სწორედ ამისთვის დაადგინა უფალმა “რომელნიმე მოციქულნი, რომელნიმე წინაისწარმეტყველნი, რომელნიმე მახარებელნი, რომელნიმე მწყემსნი და მოძღვარნი” (იქვე, 4, 11). ეს ბრძოლა “საცთურების”, “სივერაგის მოძღვრების ქართა” წინააღმდეგ, ღმერთთან შეერთება და “ქრისტეს ჭეშმარიტი სიყვარულის აღორძინება” მორწმუნეთა სულებში სწორად მაშინ ხდება, როდესაც ისინი აღიარებენ, მღვდლის წინაშე თავიანთ ცოდვებს, აშიშვლებენ ვნებებით სნეულ სულს, ინანიებენ, ეპიტემიებს ასრულებენ, რჩევას იღებენ სულიერი მოძღვრისგან, თუ როგორ დასძლიონ ესა თუ ის სულიერი სალმობა, ცხონების სიტყვას ღებულობენ მისგან და ამ სიტყვას გულში იმარხავენ. აი, სად არის გაჩაღებული სინამდვილეში ის ბრძოლა, ის თავგანწირვა, რომლითაც მიწიერი ეკლესიის ცხოვრებაა განმსჭვალული. და სწორედ მღვდელმთავარმა, როგორც ბრძენმა მხედართმთავარმა, არ უნდა უგულვებელყოს იგი, არ უნდა გაუშვას ბრძოლის ველიდან ნიჭიერი მეთაურები, და ისიც მტერთან გაცხარებული ბრძოლის ჟამს.

მეუფე ანტონის მაგალითზე კარგად ჩანს, თუ საიდან მოდის ეს მეომრული განწყობილება, უფრო სწორად, ბრძოლა ეკლეისიის შიგნით. სწორედ იქიდან, რომ ეკლესიის ხელმძღვანელებს სულიერი ცხოვრება თავისებურად ესმით და არა ძველი მართლმადიდებლობის კუთხით, სიახლეების შემოტანას ესწრაფვიან და თავიანთ მრევლზე სურთ ექსპერიმენტების ჩატარება. სწორედ აქ ირღვევა მკაცრი იერარქიულობის ძირითადი პირობა: ქრისტე-ღმერთი, მღვდელმსახური, ხალხი. ამიტომაც ქრება ერთსულოვნება და საფრთხე ექმნება ეკლესიის კათოლიკეობის (საყოველთაობის) პრინციპს. აი, ეს პრინციპი: “ ყველა მორწმუნე არის ერთი სხეული ეკლესიაში, რათა იცხოვრონ ერთი, წმიდა, საყოველთაო ცხოვრებით, საყოველთაო სარწმუნოებით, საყოველთაო სულით, საყოველთაო სინდისით, საყოველთაო ნებით. საყოველთაო ყველაფერი - სარწმუნოება, სიყვარული, სიმართლე, ლოცვა, მარხვა, ჭეშმარიტება, მწუხარება, სიხარული, ტკივილი, ცხონება, განღმრთობა, ღმერთკაცთან შეერთება, უკვდავება, მარადიულობა, ნეტარება - და ყოველივე ამას მართავს და აერთიანებს სული წმიდის მადლი. ჩვენ საკუთარ თავს კი არა, ეკლესიას ვეკუთვნით, და პირველყოვლისა - ეკლესიის სულს, სული წმიდას... ეკლესიაში არავის ეკუთვნის ყველაფერი, არამედ ყველას იმდენად ეკუთვნის, რამდენადაც სულიწმიდამ განუსაზღვრა... ყოველი ქრისტიანის თავისებურება არის საყოველთაო გრძნობა, ყველაფრისათვის პიროვნული პასუხისმგებლობის გრძნობა... ეკლესიის წევრები, რომლებიც მთლიანად შეერთებულნი არიან ღმერთკაცთან მადლისმიერი კავშირით, იმით ცხოვრობენ რაც ღმერთისაა (მისგან და მისით), და აქვთ ის, რაც ღმერთისაა, და იციან იგი მეცნიერებით, რამეთუ ეკლესიის საყოველთაო გონებით აზროვნებენ, ეკლესიის საყოველთაო გულით გრძნობენ, ეკლესიის საყოველთაო ნებით სურთ და ეკლესიის საყოველთაო ცხოვრებით ცხოვრობენ: ყოველივე, რაც მათია, სინამდვილეში პირველ ყოვლისა ღმრთის არის და ყოველთვის მისია, ისინი კი ყოველთვის მხოლოდ ღმერთით და ღმერთში არან” . . . (წმ. იუსტინეს იგივე შრომა: “ქრისტიანული ცხოვრების საიდუმლო ეკლესიაში მდგომარეობს”, იხ. წიგნი: “მებრძოლი ეკლესია”, გვ. 33-90, სანკტ-პეტერბურგი, 1997).

მეუფე ამბობს, რომ მან სათარგმნად მისცა წიგნი “მღვდელმსახურთა საცდური” და რომ იქ აღწერილია ის საცდურები, რომლებიც მათ შეიძლება შეემთხვეთ “გარე ყოფიერებიდან დაწყებუილ და მრევლით დამთავრებული”. კარგი იქნებოდა, მეუფე ანტონს ყურადღებით განეხილა თავისი წარმოდგენები და ქცევები და ისიც, თუ რა საცდურები და მძიმე შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამ ყოველივეს იმავე მღვდელმსახურებისა და მათი მრევლისათვის. განსაკუთრებით შეიძლება დაეხმაროს ამაში წმ. გრიგოლ ღმრთისმეტყველის მე-3 სიტყვის ყურადღებით გადაკითხვა, სადაც ეს წმ. მამა დაწვრილებით აღწერს, თუ როგორი უნდა იყოს ეპისკოპოსი, რა საცდურები ელოდება მას და რა სიფრთხილე და პასუხისმგებლობა მართებს ამ გზაზე შედგომისას. იგივე ეხება იოანე ოქროპირის თხზულებას “ექვსი სიტყვა მღვდლობისათვის”, - აქაც დაწვრილებით არის აღწერილი მრავალი და მრავალი ხიფათი, რომელიც ელოდება ეპისკოპოსის ხარისხში აყვანილ ადამიანს, ჩამოთვლილია, თუ რა საშიში გადახრები ახასიათებს ამ საპასუხისმგებლო საქმეს და რა მძიმე შედეგები შეიძლება მოჰყვეს შეცდომებს. იმავე შედეგებს გულისხმობს წმ. გრიგოლ ღმრთისმეტყველიც, როდესაც ამბობს, რომ ეპისკოპოსის ხელისუფლებაში “რაც უფრო მეტია სიმაღლე, მით უფრო მეტია საფრთხეც, თუნდაც ჭკვიანი ადამიანისათვის”, ამ სიმაღლეზე დაყენებული კაცი “ყალბი და რიოში მონეტასავით არ უნდა ჟღერდეს”, თორემ, “რაც უფრო მეტი ადამიანის უფროსად იქნება დადგინებული, მით უფრო დიდი ბოროტება მოხდება, რამეთუ “მანკიერება, რომელიც ბევრ ადამიანზე ვრცელდება, უფრო მეტია იმ მანკიერებაზე, რომელიც მხოლოდ ერთი ადამიანით შემოიფარგლება”, და რომ “ქსოვილი ისე ადვილად არ იღებს ფერს, როგორც ხელქვეითები იღებენ უფროსის მანკიერებებს - მეტიც, მანკიერებებს უფრო ადვილად ითვისებენ, ვიდრე ღირსებებს”. ამასვე იმეორებს ოქროპირიც: “ბოროტი ხელმძღვანელის ყოლას სჯობს საერთოდ არ გყავდეს ხელმძღვანელი. თუ კაცს ხელმძღვანელი არა ჰყავს, შეიძლება ხან გადარჩეს და ხან საფრთხეში ჩავარდეს, ბოროტი ხელმძღვანელის ხელში კი მუდმივად საფრთხეშია, რამეთუ იგი უფსკრულისაკენ მიუძღვის... “ (სიტყვა 34).

მართლმადიდებელი სამწყსო